თამარ გაბუნია - იშვიათი დაავადებების საბჭო უნდა გაიხსნას სხვა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებისთვისაც
თამარ გაბუნია - იშვიათი დაავადებების საბჭო უნდა გაიხსნას სხვა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებისთვისაც

იშვიათი დაავადებების საბჭო უნდა გაიხსნას სხვა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებისთვისაც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„იშვიათი დაავადებების საბჭო უნდა გაიხსნას სხვა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებისთვისაც. ჩვენთვის ცნობილია ორგანიზებული ჯგუფები, არასამთავრობო, სამოქალაქო ჯგუფების სახით, რომლებიც მუშაობენ სპინალური ამიოტროფიის, ფენილკეტონურიის, ცისტური ფიბროზის და კიდევ სხვა მიმართულებებით. ჩვენ მათაც შევთავაზებთ საბჭოს წევრობას, რომ საბჭო იყოს ღია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ინოვაციური მედიკამენტი შეიქმნა ან შექმნის პროცესშია, მნიშვნელოვანია, იშვიათი დაავადებების მკურნალობისთვის უფრო ფართო ფორმატში მოხდეს მსჯელობა.

„ეს იქნება კარგი პლატფორმა იმისათვის, რომ საერთო სურათი დავინახოთ, შემდეგ პრიორიტეტებზეც ერთად ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ იმ გადაწყვეტილებებზე, რაც იქნება, პირველ რიგში, ბავშვებისთვის ეფექტური, უსაფრთხო და მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რაც გვინდა, რომ მივიღოთ. რაც მთავარია, უნდა შევჯერდეთ, რა შედეგების მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ კონკრეტულ მედიკამენტთან მიმართებით და სხვა ბავშვების საჭიროებებიც გავიზიაროთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.