თამარ გაბუნია - ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში, დილის მონაცემებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 22 090 პირია აცრილი.
„დილის მდგომარეობით, ვაქცინერებული იყო 22 090 პირი, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება, გუშინ დაემატა ვაქცინაციის ბრიგადები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ანუ ვაქცინაციის ადგილები საკმარისია“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, თამარ გაბუნიამ ისაუბრა აქტიური შემთხვევების შესახებაც. მისი ინფორმაციით, ამჟამად მკურნალობას გადის კორონავირუსით ინფიცირებული 8 000 ადამიანი, რომლებიც განაწილებული არიან ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში.
თამარ გაბუნიას თქმით, 81 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.
გარდა ამისა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ქვეყანას დაემატა კოვიდ-სასტუმროები, რადგან საჭიროება იზრდება. „ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს“, – განაცხადა გაბუნიამ.