თამარ გაბუნია - განიხილება გარკვეული შეღავათები სრულად ვაქცინირებული პირებისთვის, თუმცა ამისთვის საჭიროა ფართო ვაქცინაცია
თამარ გაბუნია - განიხილება გარკვეული შეღავათები სრულად ვაქცინირებული პირებისთვის, თუმცა ამისთვის საჭიროა ფართო ვაქცინაცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული შეღავათების შემოღება განიხილება და კონკრეტული პაკეტი მზადდება.

„განიხილება გარკვეული სტიმულების შემოღება სრულად ვაქცინირებული პირებისთვის, ეს შესაძლოა, იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, მაგრამ კონკრეტული პაკეტი ჯერ მზადდება და ამაზე საუბარი ნაადრევია, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მსჯელობენ ბიზნესის წახალისებაზეც, რათა მათ შექმნან ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ გარკვეული შეღავათებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვადებზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციით მოსახლეობის ფართო მოცვა იყოს.

„ასევე არის საუბარი ბიზნესის წახალისებაზე, რათა მათ შექმნან ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო და მთავარი აქცენტი იქნება, მომხმარებელმა იცოდეს, რომ კონკრეტული ობიექტი არის დაკომპლექტებული ვაქცინირებული პირებით, იქ არის უსაფრთხო გარემო და მიენიჭოს ეპიდემიურად უსაფრთხო სერტიფიკატი ან რაიმე მსგავსი თვალსაჩინო ნიშანი. რა დროს მოხდება ეს, საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ჩვენ ვაქცინაციით მოსახლეობის მეტად ფართო მოცვა გვჭირდება, რათა მოქალაქეს ჰქონდეს არჩევანი და მარტივად ჩაიტაროს ვაქცინაცია. ალბათ ესეც მოხდება ივლისის თვისთვის, როცა ჩვენ გადავალთ ვაქცინით მოსახლეობის ფართო მოცვაზე, რადგან ვინმეს არ დარჩეს განცდა, რომ მისი მიზეზით კი არა, რაღაც სხვა, გარეშე მიზეზებით ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია და გარკვეულწილად შესაძლოა, დისკრიმინირებული აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ვერ მიიღებს შეღავათს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.