თამარ გაბუნია - გაიზარდა მიმართვიანობა ჰოსპიტალურ სექტორზე, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული ღონისძიებები ზედმიწევნით კარგად იყოს დაცული.
„შემთხვევების რაოდენობა იმატებს, დადებითობის ორკვირიანი საშუალო მაჩვენებელი რჩება ოთხ პროცენტს ქვემოთ, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონიძიებების ზედმიწევნით ზუსტად დაცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, გაიზარდა მიმართვიანობა ჰოსპიტალურ სექტორზე. გაბუნია აცხადებს, რომ გამოიკვეთა კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და ქუთაისში.
„გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც. 4 400 საწოლიდან 3 600 დაკავებულია, მათ შორის 500-ზე მეტი პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, 90-მდე რეანიმაციაში. რა თქმა უნდა, არიან პაციენტები კოვიდსასტუმროებშიც. კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და ქუთაისში. ბინებზეც ონლაინკლინიკები ინტენსიურად მუშაობენ, რათა ბინაზე მყოფი პაციენტების მეთვალყურეობა გაგრძელდეს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნიას ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელეს ტესტირების პროგრამის გაფართოებისთვის დამატებითი რესურსის მობილიზებაზე.
გაბუნიას თქმით, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ზაფხულის სეზონმა რისკის გარეშე ჩაიაროს.
„მნიშვნელოვანია ტესტირების პროგრამა, რომელიც გრძელდება. ჩვენ დღეს საბჭოზე ვისაუბრეთ გარკვეულად, დამატებითი რესურსის მობილიზებაზე ტესტირების პროგრამის გაფართოებისთვის არა მხოლოდ აპრილსა და მასში, არამედ ზაფხულის პერიოდში, როდესაც ქვეყანაში შემოვა უცხო ქვეყნის მოქალაქე, იქნება ტურისტული სეზონი, მოგზაურობა განსაკუთრებით აჭარისა და სხვა კურორტულ რეგიონებში. ამდენად, ტესტირების შესაძლებლობის გაფართოება და მეტი ინფრასტრუქტურის შექმნა ტესტირებისთვის, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომ ზაფხულის სეზონი გადავიტანოთ რისკის გარეშე“, – განაცხადა გაბუნიამ.