თამარ გაბუნია - ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი რესურსის მობილიზებისთვის ვმუშაობთ, რათა მეტი მოტივაცია შევუქმნათ კლინიკებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების დამატებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ამცრელი კაბინეტები ძალიან დატვირთულია თბილიში, შედარებით ნაკლები დატვირთვაა რეგიონებში.
„ვაქცინაციის კაბინეტების მოწყობა აუცილებელია, რადგან ჩვენ სხვაგვარად მასობრივი ვაქცინაციის პროგრამას ვერ განვახორციელებთ. ამ ეტაპზე, ვაქცინაციის კაბინეტები ძალიან დატვირთულია თბილისში, შედარებით ნაკლები დატვირთვაა რეგიონებში. თბილისშიც ემატება კაბინეტები და ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების დამატებაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, როგორც ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ფინანსთა სამინისტროსთან მუშაობენ დამატებითი რესურსის მობილიზების მიზნით, რათა მეტი მოტივაცია შეუქმნან კლინიკებს.
მისივე თქმით, შესაძლოა, ორჯერადი აცრის ღირებულება გაორმაგდეს.
„რაც შეეხება ანაზღაურებას, როდესაც დაინერგა პროგრამა, განისაზღვრა ორჯერადი ვაქცინაცია ხუთი ლარი. ხოლო მას შემდეგ, რაც დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა ვაქცინაციის კაბინეტების მიმართ, მათ შორის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაწევის აუცილებლობა, მონიტორინგის, გადაფასდა ეს ღირებულება და ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი რესურსის მობილიზებისთვის, რათა მეტი მოტივაცია შევუქმნათ კლინიკებს. სავარაუდოდ, გაორმაგდება. ამ დეტალებზე ვმუშაობთ და დაზუსტებული პასუხი გვექნება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.