თამარ გაბუნია - „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის სხვადასხვა მიზეზით 4 750 ჯავშანია გაუქმებული, მათ შორის ჯავშანი არ დაუდასტურდათ ბუსტერ დოზაზე დარეგისტრირების მცდელობისთვის
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ხუთი ათასამდეა იმ პირების რაოდენობა, რომლებსაც „ფაიზერზე“ ჯავშანი არ დაუდასტურდათ.
გაბუნიამ მიზეზებზე საუბრისას განმარტა, რომ მოქალაქეთა ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო და მაინც დარეგისტრირდა, ნაწილს კი რიგი მიზეზების გამო აცრის გაკეთება ჯერ არ უწევდა.
„გუშინ დაიწყო რეგისტრაცია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომელიც დონაციის გზით მივიღეთ ამერიკის მთავრობისგან. გუშინ დღის ბოლომდე სულ დარეგისტრირდა 157 ათასამდე პირი, აქედან ჯავშანი დაუდასტურდა 142 195 ადამიანს, 4 750-ს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა, რადგან მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო და მაინც დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათაც შეიყვანეს მონაცემები ბაზაში. ასე რომ, ხუთი ათასამდე ჯავშანი არ შედგა და ეს ადგილები ბუნებრივია, დაემატება პორტალს.
4 750 გაუქმებულ ჯავშანს უკავშირდება ისეთი მიზეზები, როგორიც არის ბუსტერ დოზაზე დარეგისტრირების მცდელობა ან უკვე არის აცრილი პირი, რომელმაც საიტის მუშაობის შემოწმების მიზნით შეიყვანა თავისი მონაცემები პორტალზე და დაიკავა ადგილი. ამას სჭირდება ადმინისტრაციული რესურსი, დრო იკარგება. თხოვნა მექნება, რომ მსგავსი ქმედება არ განახორციელონ, რადგან ბუსტერ დოზებს ჩვენი პროგრამა არ ითვალისწინებს და პროგრამული დადასტურება არ მოხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „ფაიზერის“ შემთხვევაში, ვაქცინების დანაკარგის ფაქტორი ძალიან დაბალია.
„ქვეყანამ მიიღო ნახევარი მილიონი „ფაიზერის“ დოზა, რაც საკმარისია 230-240 ათასი მოქალაქის ასაცრელად. გათვალისწინებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი დანაკარგი, რაც დაახლოებით ათ პროცენტს შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში „ფაიზერის“ დანაკარგის ფაქტორი არის ძალიან დაბალი, ვფიქრობ, მაქსიმალურად მივუახლოვდებით ასაცრელთა შესაძლო რაოდენობას, ეს არის 250 ათასი პირი. უახლოეს დღეებში ადგილები დაემატება, კლინიკები არიან მზად, რომ რვასაათიანი სამუშაო რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე, ასევე ემატება ახალი კლინიკები, არის სრული მობილიზაცია, რათა ის დოზები, რაც გვაქვს, იყოს მაქსიმალურად მოკლე ხანში ათვისებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინისთვის სარეგისტრაციო პორტალზე ადგილები ამ ორი დღის განმავლობაშიც დაემატება. გაბუნიას თქმით, მოთხოვნიდან გამომდინარე, დოზების დამატება უპირატესად იგეგმება თბილისში.
„ჩვენ დღეს, ასევე ხვალაც გამოვაცხადებთ ადგილების დამატებას და შეუძლიათ, კიდევ დარეგისტრირდნენ, ასევე სატელეფონო ჩაწერაც გრძელდება 15 22-ის საშუალებით და კვირის ბოლოსკენ შესაძლებელი იქნება ვირტუალური კაბინეტით ამცრელ ცენტრებში ვაქცინაცია. დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 37 კლინიკა, სადაც „ფაიზერით“ მიმდინარეობს ვაქცინაცია. დოზების დამატება უპირატესად იგეგმება თბილისში, რადგან თბილისში არის ყველაზე დიდი მოთხოვნა, რეგიონებში როგორც კი შეივსება ყველა ადგილი, ასევე დაემატება.
ამასთან, აჭარაში ველოდებით აქტიურობას, რადგან საკურორტო სეზონიდან გამომდინარე, მოქალაქეები იმყოფებიან აჭარაში. დონაციით მიღებული დოზებიდან, კიდევ დარჩენილია დაახლოებით 90 ათასი დოზა, თუმცა „ფაიზერთან“ პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენ ვაგრძელებთ დოზების მიღებას“, – განაცხადა გაბუნიამ.
ვაქცინაციაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად დამატებით მობილიზდება ამცრელი ბრიგადები. მისივე თქმით, ზოგიერთი კლინიკა მზად არის, დროებით შეაჩეროს სხვა სერვისი და სრულად გადაეწყოს ვაქცინაციის სერვისზე.
„ფაიზერის“ ჯავშნები, რომელიც გუშინ შესრულდა, დაახლოებით ქმნის 7 500 -მდე აცრას. ჩვენი მიზანია ამ რაოდენობის გაზრდა და გვინდა ავიდეთ 15 ათასი „ფაიზერით“ აცრაზე. ამისთვის დამატებით მოხდება ბრიგადების მობილიზება, ზოგიერთი კლინიკა მზად არის, რომ დროებით შეაჩეროს სხვა სერვისი და სრულად გადაეწყოს ვაქცინაციის სერვისზე. ეს ყველაფერი მოხდება აგვისტოს პირველ კვირაში. გვინდა, რომ აგვისტოს ბოლომდე შევქმნათ „ფაიზერით“ რეგისტრირებულთა დიდი ჯგუფი, ასევე სხვა ვაქცინებითაც გაგრძელდება იმუნიზაცია, რადგან მიმდინარე პერიოდში საკმაოდ აქტიურია „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და 25-30 ათასი ადამიანი ავცრათ დღეში. ამ დროისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც შესაძლებელია გადაუდებელი საჭიროების რეაგირება, მომავალში თბილისში არის ასევე დიდი ზომის, კარგად მომზადებული პოლიკლინიკები, რომლებსაც ბავშვთა იმუნიზაციის დიდი გამოცდილება აქვთ და შესაძლებელია მათი ჩართვაც „ფაიზერით“ ვაქცინაციაში. რაც შეეხება მოლებს, დღეს მოქმედებს „ლილოს“ და „ჰუალინგის“ მოლი, სადაც ხდება „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.