თამარ გაბუნია - ფართო ლოკდაუნი ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება, ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება
ნამდვილად არ იგეგმება ამ ეტაპზე ფართო ლოკდაუნი, მეტიც – ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მცირე, ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, რაც კეთდება.
ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი. მისი თქმით, შემთხვევების მატება აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში.
„ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი. შემთხვევების მატება აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ადგილზე ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია. ამისი მექანიზმი ინტენსიური ტესტირება, ასევე ნიღბებისა და ყველა იმ წესების გამოყენებაა, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ. ამ ეტაპზე, ჩვენ ვცდილობთ ლოკალიზაცია მოხდეს ამ გზებით. შემდეგ როგორც განვითარდება, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ესკალაციის შესაძლებლობა ეპიდემიას რომ მივცეთ, სრულიად დაუშვებელია. ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, მეტიც – ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია მცირე, ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად. ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, – განაცხადა გაბუნიამ.