თამარ გაბუნია - „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ადგილები თბილისში პრაქტიკულად შეივსო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ვაქცინაციისთვის პორტალზე ადგილები თბილისში პრაქტიკულად შეივსო, ხოლო დარჩენილია ქუთაისსა და ბათუმში.
ამასთან, თამარ გაბუნიამ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
„მაღალი აქტივობა იყო პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ასევე 15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარი შემოვიდა. მოლოდინის პერიოდი იყო უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სხვა დროს. ამან გამოიწვია გარკვეული შეფერხებები. ვმუშაობთ ტექნიკურ ჯგუფთან, რომ დაჩქარდეს პასუხის გაცემა, რათა მომდევნო დღეებშიც თუ იქნება ასეთი აქტივობა, მოლოდინის რეჟიმი იყოს მინიმალური.
„ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში, არის ადგილები ქუთაისსა და ბათუმში. ველოდებით მონაცემს, რამდენი დოზა „ფაიზერი“ დარჩება. დაახლოებით სამი ათასამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში. დამატებითი დრო იქნება გამოყოფილი, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა. თუმცა „ფაიზერი“ ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და გამოიყენონ ის ვაქცინა, რაც ქვეყანაში არის. ათი ათასზე ცოტა მეტია რეგისტრირებული, თუმცა ამ მონაცემებს დაემატება ქუთაისისა და ბათუმის ჯავშნები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.