თამარ გაბუნია - ეპიდსიტუაცია რჩება საყურადღებო, იზრდება დატვირთვა კლინიკებზე, ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ქვეყენაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევათა შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტების სიმცირეს უკავშირდება.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავაც საყურდღებოა. როგორც გაბუნია აცხადებს, იზრდება დატვირთვა კლინიკებზე, რის გამოც შესაძლოა მოხდეს დამატებით საწოლების მობილიზება.
„გასული დღეების განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, დღეს 500-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც შაბათ-კვირას შედარებით ნაკლები ტესტირების შედეგია. რა თქმა უნდა, ეპიდსიტუცია რჩება საყურადღებო. იზრდება დატვირთვა კლინიკებზე. ჩვენ ამ დღეებში ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად არის ჩართული პროცესში ონლაინკლინიკების სახით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნია აცხადებს, რომ ჯერჯერობით, ვარაუდობენ, რომ საწოლების რაოდენობა ხუთი ათასამდე გაიზარდოს.
„ჩვენ დღეს მობილიზებული გვაქვს 4 400 საწოლი, აქედან 3 000-ზე მეტი დაკავებულია. ამ კვირაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კლინიკებთან, რათა ის კლინიკები, რომლებიც მეორე ტალღის ფაზაში აქტიურად იყვნენ ჩართული კოვიდის მართვაში, პროგრამას ეტაპობრივად დაუბრუნდნენ, როგორც ამის საჭიროება დადგება. ჯერჯერობით ვფიქრობთ, ხუთი ათასამდე გაიზარდოს საწოლფონდი. ამ ეტაპზე მეტი საჭიროება და მოთხოვნა არ არის. ასევე დაემატება სასტუმროების საწოლები, რათა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები ჰოსპიტლის გარეთ უფრო კომფორტულ გარემოში იმართოს. კოვიდსასტუმროების რაოდენობა ამ ეტაპზე არის რვა და ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით 500 პაციენტი მკურნალობს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, კოვიდსასტუმროებზეც მოთხოვნა რა თქმა უნდა, გაიზრდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება „სინოფარმის“ ვაქცინას, როგორც გაბუნია განმარტავს, ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს მუშაობა, რომ „სინოფარმის“ ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს ამ კვირაში და რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილიდან. „სინოფარმის“ ვაქცინა დღემდე რეგისტრირებულია 35 ქვეყანაში, ახალი შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, მისი ეფექტურობა საკმარისად მაღალია, 80 პროცენტამდეა, თუმცა რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მძიმე შემთხვევებისგან დაცვისა და ლეტალობის შედეგების თავიდან აცილების მხრივ, ამ ნაწილში „სინოფარმის“ ეფექტურობა არის საკმაოდ მაღალი იმ ქვეყნებში, სადაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. ეს მაჩვენებლები იძლევა საკმაოდ კარგ და იმედისმომცემ შედეგებს. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს „სინოფარმის“ ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება და საქართველოც დაიწყებს „სინოფარმის“ გამოყენებას აქტიურად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.