თამარ გაბუნია - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს
თამარ გაბუნია - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს.

მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები განსაკუთრებით გააქტიურებულია.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, გასული ორი-სამი დღის განმავლობაში საჭირო გახდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც როგორც გაბუნია განმარტავს, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

„კოვიდპანდემიის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს ისევ და ისევ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზოგადად, საზოგადოების სოციალური, ასევე ნებისმიერი სხვა პროცესების განვითარების კუთხით. შემთხვევების რაოდენობა უკვე აღემატება 1 800-ს, ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე. გასული ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და საწოლების დამატებით მობილიზება მოგვიხდა. ეს ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში, მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა, ამ შემთხვევაში, ყველას ინტერესია, ვაქცინაციის პროგრამა შეფერხების გარეშე განხორციელდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.