თამარ გაბუნია - დაუჯერებელია, რომ ორ სხვადასხვა დაწესებულებაში გინეკოლოგმა ნახა ქალბატონი და ორსულობა ვერ დაადგინა, როგორც ჩანს, ფორმალურ ჩანაწერთან გვაქვს საქმე, თუმცა დაველოდებით შესწავლის პროცესის დასრულებას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“.
გაბუნიას თქმით, ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობა ძალიან საყურადღებო სფეროა და სახალხო დამცველის ანგარიშიც იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები რჩება ამ სფეროში.
მისივე განმარტებით, გასულ წელს სამინისტრომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში მდგომარეობა აქტიურად შეისწავლა.
რაც შეეხება ნაგრიშში მოცემულ ინფორმაციას, რომ ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში გამოვლინდა შემთხვევა, როცა პაციენტის ორსულობის დადგენა საერთოდ ვერ მოხერხდა, გაბუნია ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო მუშაობს, რათა მიზეზი გამოვლინდეს.
„უცნაურია ის ფაქტი, რომ გინეკოლოგმა, რომელმაც ნახა ფეხმძიმე ქალბატონი, ვერ მოახდინა ორსულობის დადგენა. როგორც ჩანს, ფორმალურ ჩანაწერთან გვაქვს საქმე და წინასწარ დასკვნას არ გავაკეთებ, დაველოდებით შესწავლის პროცესის დასრულებას“, – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას პაციენტებისთვის, რომლებიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები არიან, გაბუნია აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებითაც სამინისტრო მუშაობს.
„გაიდლაინებში ასახულია, როგორ უნდა მოხდეს თანამართვა, როდესაც დგება ორსულობა იმ შემთხვევაში, როცა ქალბატონი იღებს გარკვეულ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რასაც შეიძლება გვერდითი მოვლენები ჰქონდეს და გამოიწვიოს ზემოქმედება ნაყოფზე.
მიდის მუშაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მოდელის ინტეგრაციაზე ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში, რადგან ამ ტიპის შეცდომებს ჩვენ თავიდან ავიცილებთ, თუ ფსიქიატრიულ პაციენტებს ექნებათ იოლი ხელმისაწვდომობა სხვა სპეციალისტებზე, რაც გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებები შორს არის, დღეს რთულია.
ყველაზე მთავარი პრობლემა, რამაც ეს საკითხი გამოიწვია,ზოგადად, სომატურ სპეციალისტებთან კონსულტაციები არის გართულებული. ყველას მოეთხოვება, რომ ჰქონდეს კონტრაქტი სპეციალისტთან, მაგრამ როგორც ჩანს არ შედგა ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონსულტაცია, რადგან დაუჯერებელია, რომ ორ სხვადასხვა დაწესებულებაში გინეკოლოგმა მოინახულა ორსული ქალბატონი და ვერ გამოავლინა, რომ ქალბატონი იყო ორსულად. ეს ჩემი ვარაუდია.
შემთხვევის შესწავლისას საქმე შეეხება მედიკამენტების გვერდით მოვლენებსაც და რამდენად გამოიწვია ამან ზემოქმედება ნაყოფზე, რა შედეგი გამოიწვია მეთვალყურეობის გარეშე ჩავლილმა ორსულობამ. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვედრამდეც ქალბატონის მდგომარეობა იყო მეთვალყურეობის გარეშე. ამდენად, მთელ გზაზე იკვეთება პრობლემები მანამ, სანამ ფსიქიატრიულ დაწესებულებამდე მოხვდა.
იზრდება იმ დაინტერესებული კლინიკების რიცხვი, რომლებსაც სურთ, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების ინტეგრაცია მოხდეს მულტიფუნქციურ კლინიკებში. ამას დაჭირდება გარკვეული დრო. ჩვენი სტრატეგიული ხედვა ემყარება ინტეგრირებული მოდელის ჩამოყალიბებას. მანამდე იმ დაწესებულებებში, რომლებიც ემსახურებიან ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს, სპეციალისტები აუცილებლად უნდა იყვნენ და ამისთვის არის ხელშეკრულებები. მათი კვალიფიკაციის საკითხიც ცალკე შესწავლის თემაა, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, რატომ მოხდა ეს ფაქტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.