თამარ გაბუნია - დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაიწყებს კვლევას და ვფიქრობთ, 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება, გარდაცვალების შემთხვევებიდან რა ნაწილი შეიძლება, უკავშირდებოდეს „ომიკრონს“
თამარ გაბუნია - დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაიწყებს კვლევას და ვფიქრობთ, 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება, გარდაცვალების შემთხვევებიდან რა ნაწილი შეიძლება, უკავშირდებოდეს „ომიკრონს“

„ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოდელირებით მიღებული მონაცემი და ვარაუდია, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი, 90 პროცენტამდე არის „ომიკრონი“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ ათასზე მეტი შემთხვევიდან, პაციენტთა მხოლოდ სამი პროცენტის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

„ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით სამი პროცენტის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. თითქმის ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. სამი გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, თუმცა შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს და არა „ომიკრონს“, ამას შეისწავლიან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა იქნება, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებიდან რა წილი შეიძლება უკავშირდებოდეს „ომიკრონის“ შტამს. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლევას დაიწყებს.

„ჯერ ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად „ომიკრონთან“ დაკავშირებულ გარდაცვალებებზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამოიწყებს კვლევას, რომელიც მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება და ვფიქრობთ, უკვე 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება, იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით. რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ გარდაცვალებას და მძიმე შემთხვევებს ნაკლებად იწვევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დადგეს ასეთი რამ, განსაკუთრებით არავაქცინირებულ პირებში და მათთა, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.