თამარ გაბუნია - ჩვენთვის ვაქცინა არის იმედის სხივი, ეს არის ეპიდემიისთვის დასასრულის დასაწყისი
კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დღესვე რომ იყოს ხელმისაწვდომი, ალბათ, ყველას გვესმის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინის გასაკეთებლად ხვალვე არ მოვა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ასე არ არის მხოლოდ საქართველოში, რადგან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ძალიან ბევრი კითხვა ისმის ვაქცინის მოსალოდნელ სარგებელზე, შესაძლო გვერდით მოვლენებზე და ასევე, როგორი იქნება მისი გრძელვადიანი შედეგები.
„ამაზე მეცნიერები გვპასუხობენ, მაგრამ ამასაც სჭირდება კომუნიკაცია. ჩვენთვის ვაქცინა არის იმედის სხივი, ეს არის ეპიდემიისთვის დასასრულის დასაწყისი. ამდენად, ვმუშაობთ ყველა დონორ ორგანიზაციასთან იმაზე, რომ ერთი მხრივ, ჩვენთვის უკვე განსაზღვრული 20 პროცენტი, რომელიც იქნება 700 ათასი დოზა დროულად მივიღოთ, როგორც კი დაიწყება ვაქცინის განაწილება. ასევე წარმატებულ მწარმოებლებთანაც ვიმუშავებთ, რათა ვაქცინა დროზე შემოვიდეს. აქ იქნება მნიშვნელოვანი ყველას აქტიური ჩართულობა იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი ეფექტურად წარიმართოს და რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოცვა ვაქცინით მოხდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.