თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.
ამის შესახებ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით ორი კვირის მანძილზე გლობალურ შკალაზე ქვეყნები ერთმანეთს ედარება. საშუალო გლობალური მაჩვენებელი ინციდენტობისა, ანუ ახალი შემთხვევების დღევანდელი პირობით არის დაახლოებით 19/100 000-ზე, ცხრამეტის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები, ცხრამეტის ზემოთ კი მიიჩნევა, რომ არის მაღალი რისკის ქვეყნები. ჩვენი დღევანდელი ინციდენტობის მაჩვენებლით, საქართველო არის 5.5, რაც არის დასაწყისი ამ გრადაციისა, ანუ ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც მუქი მწვანე ზონა ჩვენი რისკების შეფასების სისტემაში. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატება აღინიშნებოდა, საქართველო მაინც ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს.
შიდა შკალა არის შიდა მიზნებისთვის. შიდა შკალა ქვეყნის ზონირების მიზნებს არ ემსახურება, ეს არის იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ პროგრამა შესაბამისად. შიდა შკალას აქვს ოთხი კრიტერიუმი და თითოეულ კრიტერიუმს თავისი განსაზღვრული ფერი აქვს. შუქნიშანს, რომელსაც ჩვენ ახლა შიდა მიზნებისთვის ვიყენებთ, არის იმისთვის, რომ ვიცოდეთ ინცინდენტობის რომელ დონეზე რამდენი ტესტი უნდა ჩატარდეს, სად არის განსაკუთრებით აქტიური კერები, რა საწოლფონდი უნდა იყოს მობილიზებული იმ რაოდენობის შემთხვევებისთვის, რომელიც ქვეყანაში ვლინდება. ეს არის შიდა შუქნიშნის მიზანი და არა ის, რომ ზოგადად, შეაფასოს ქვეყნის სტატუსი სხვა ქვეყნებთან მიმართებით გლობალურად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, საქართველოს შემუშავებული აქვს განგაშის ოთხდონიანი სისტემა, რომლითაც საქართველო 5.5 ნიშნულით უკვე ე.წ. ყვითელ ზონაში ხვდება, რადგან მწვანე დონე ასი ათას მოსახლეზე ხუთამდე შემთხვევას ითვალისწინებს. 5.2 შემთხვევიდან ქვეყანა უკვე ყვითელ ზონაში გადასულად მიიჩნევა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომსახურებების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდეს.