თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სხვა პრიორიტეტული ჯგუფები ვაქცინაციის პროცესში დაგეგმილზე ადრე ჩაერთონ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციის პროცესში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.
„ვფიქრობთ, რომ სამედიცინო პერსონალი მეტად აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. რეგისტრაციის ფანჯრის გახსნიდან ჯერ ცოტა დროა გასული. შესაძლოა, სამედიცინო პერსონალს გარკვეული დრო სჭირდება, რომ დარეგისტრირდნენ. საუბარი არ გვაქვს მხოლოდ ექიმებზე, საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჯანდაცვის სექტორშია დასაქმებული. ვფიქრობთ, ამ კვირაში უფრო აქტიურად გამოიკვეთება მათი ინტერესი, ასევე, რეგისტრაციის სურვილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტული ჯგუფები დაგეგმილზე ადრე ჩაერთონ.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო ვაქცინაციის საბჭოსთან შეთანხმებით, შემდეგ უკვე ასევე აქტიურად განიხილავს იმ ვარიანტსაც, ხომ არ შეიძლება სხვა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაციაში დროზე ადრე ჩართვა. საუბარი მაქვს ასაკობრივ ჯგუფებზე, მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ, რამდენად სრულად გამოიყენებს 43 000 დოზას სამედიცინო პერსონალი. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი მექანიზმი და გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ვაქცინები, რომლებიც დღეს ქვეყნაში გვაქვს, იქნას ათვისებული მოკლე პერიოდის განმავლობაში, მაქსიმალურად სწარაფად და ეფექტურად. ასე რომ, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“, – განაცახადა გაბუნიამ.