თამარ გაბუნია - ახალციხეში მომხდარი შემთხვევის კვლევის პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც ჩავრთავთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაგეგმილია ექსპერტებთან შეხვედრა. მისივე თქმით, ფაქტის შესწავლის პროცესი ხანგრძლივი არ იქნება.
ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, შემთხვევის შესწავლის პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც ჩართავენ.
„დაგეგმილია ექსპერტებთან შეხვედრა. შემთხვევის შესწავლის პროცესი ხანგრძლივი არ იქნება. შესაძლოა, ამას 24 საათი დასჭირდეს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ უმოკლეს ვადაში გავაკეთებთ. ასევე კვლევაში ჩავრთავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც, რადგან ამ ტიპის შემთხვევები საერთაშორისო ანგარიშგებას ექვემდებარება. ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ მათ ჩართულობასაც, რათა მიზეზშედეგობრივი ანალიზი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ახალციხეში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთნის მდგომარეობა გართულდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ექთნის მდგომარეობა რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამსხვრიეს. კლინიკასთან ამ დროისთვის სამართალდამცველების იმყოფებიან.