თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა იყო.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და რამდენიმე საათში უნდა აღმოიფხვრას პორტალზე არსებული პრობლემა.
„ჩვენი ინფორმაციით, შეფერხება გამოიწვია კიბერშეტევამ, რის შესახებაც ჩვენთვის ამ დილით გახდა ცნობილი. მასობრივი კიბერშეტევის გამო, შეფერხდა საიტის პორტალის მუშაობა. ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და რამდენიმე საათში უნდა მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. როგორც კი გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია, რომ საიტის გამართულობა აღდგენილია, მაშინვე დავაანონსებთ რეგისტრაციის დაწყებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება პორტალ stopcov.ge-ს, სადაც დღეს არ განახლებულა კორონავირუსის სტატისტიკა, გაბუნია აცხადებს, რომ აქაც იგივე პრობლემაა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი https://booking.moh.gov.ge დღეს დილიდან არ მუშაობს.
ამასთან, კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა ამ დრომდე არ განახლებულა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.