თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა შესაძლოა, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიზნესგარემოში დაწესდეს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა შესაძლოა, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიზნესგარემოში დაწესდეს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა შესაძლოა, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიზნესგარემოში დაწესდეს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას.

„მინდა, კარგად ავხსნათ, რას შეიძლება, ნიშნავდეს გარკვეული მოთხოვნების დაყენება აცრის ვალდებულებასთან მიამრთებაში. აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია, სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება, თუმცა მოთხოვნები შეიძლება, დაწესდეს ბიზნესგარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.

შესაძლოა, ბიზნესგარემოში მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული აქვს „პისიარ“ ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული, ასევე გადატანილი მდგომარეობა. ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან არჩევანის გაკეთება არის მნიშვნელოვანი. ბიზნესგარემოში შეიძლება, ეს მოთხოვნები დავაწესოთ, რაც თავის თავში მოიცავს არჩევანის უფლებას და თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებას, თუ რა სამედიცინო ჩარევას ჩავიტარებ მე, იქნება ეს ვაქცინაცია, ტესტირება, თუ თუნდაც პირბადის გამოყენება. ცალსახაა ის, რომ ადამიანს უფლება აქვს, თავად მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სამედიცინო ინტერვენციის შესახებ. მეორე მხარეა, რა მოთხოვნებს დავაყენებთ ეპდისუფრთხოებასთან მიმართებაში და რა გარემოში. ეს მოთხოვნები აუცილებლად თავის თავში უნდა მოიცავდეს არჩევანის უფლებას და შესაძლებლობას.

კერძო სექტორი იქნება, თუ გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში, ჩვენ რაღაც ეტაპზე დავაყენებთ იმ მოთხოვნას, რაც დღესაც კეთდება. მაგალითად, ჩვენს დაწესებულებაში თანამშრომლების ნაწილი არის ვაქცინირებული, რომლებიც იკეთებენ პერიოდულ, სისტემურ ტესტირებას. პენიტენციურ სისტემაშიც დაწესდა ძალიან კარგი და სამართლიანი მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას, იქნება „პისიარ“ ტესტირება, თუ ვაქცინაციის შესაძლებლობა. იქაც მაღალ რისკებზეა საუბარი. ამდენად, ამ რისკების გათვალისწინება, ასევე ადამიანის უფლებების საკითხის გათვალისწინება ჩვენთვის ფუნდამენტურია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს საკითხები ჯერ კიდევ განხილვის ფაზაშია და ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია.