თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულ პირებში ფიქსირდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია.
მისივე თქმით, გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც დაფიქსირებულია არავაქცინირებულ პირებში.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დეტალური სტატისტიკა ჰოსპიტალიზებული შემთხვევების, მათ შორის რამდენი იყო ვაქცინირებული პირი, არავაქცინირებული. ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებული. ასევე გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევები ისევ დომინანტური რჩება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში.
„რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, გასულ ტალღებთან მიმართებით მიმდინარე ტალღის პირობებში ჩვენ ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. გარდაცვალების შემთხვევები ისევ დომინანტური რჩება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წლის ზემოთ ასაკის პირებში. საბედნიეროდ, სხვა ასაკობრივ ჯგუფებში გარდაცვალების შემთხვევები ერთეულია. მსგავსი ვითარება იყო გასული ტალღების პერიოდში“, – აღნიშნა გაბუნიამ.