კვირაში ველოდებით დიდი რაოდენობით ტესტების მობილიზებას, გვექნება საშუალება გავაფართოვოთ იმ ჯგუფების მოცვა, რომლებიც დიაგნოსტირების ალგორითმით არის გათვალისწინებული
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმთან“ დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ალგორითმის თანახმად, რომელიც პირველ აპრილს დამტკიცდა, რეკომენდებულია ასიმპტომური ანუ სიმპტომების არმქონე პირების ტესტირება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების მაღალი რისკის პერსონალისთვის ან ორგანიზებულ ჯგუფებში მცხოვრები ან დასაქმებული პირებისთვის.
როგორც გაბუნია განმარტავს, ასეთ ჯგუფებში შედიან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები და საეკლესიო პირები, მონასტრები და სხვა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ჯგუფები სასუნთქი გზებით გადაცემადი ნებისმიერი ინფექციის შემთხვევაში მიიჩნევა მაღალი რისკის კატეგორიად და „კოვიდ-19“-ის შემთხვევაშიც რეკომენდებულია მათი შემოწმება სწრაფი ტესტებით.
„ეს არ არის იმდენად დიდი ჯგუფები, რომ შეუძლებელი იყოს მათი მოცვა. უკვე დავიწყეთ ანტისხეულების გამოყენება სამედიცინო დაწესებულებების იმ პერსონალში, რომელიც ჩართულია „კოვიდის“ მართვის პროგრამაში. ეს სკრინინგი არის განმეორებადი, არაერთჯერადი აქცია. ტესტირება დაწყებულია თავდაცვის ნაწილშიც, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს სწრაფი ტესტი როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე. თქვენ გახსოვთ, რომ გორის ჰოსპიტალი იყო პირველი დაწესებულება, ვინც ჩაერთო პროგრამაში. ჩვენ ჰოსპიტალს გასულ კვირაში გადავეცით ანალიზატორი, რომელიც განკუთვნილია ანტიგენის სწრაფი ტესტებისთვის. ასევე აქვთ ანტისხეულის ტესტები. ამ კვირაში ველოდებით დიდი რაოდენობით ტესტების ეტაპობრივად მობილიზებას და გვექნება საშუალება, გავაფართოვოთ იმ ჯგუფების მოცვა, რომლებიც ალგორითმით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, პენიტენციური დაწესებულების შემთხვევაში განისაზღვრებიან ის პირები, რომლებიც სამედიცინო კუთხით მუშაობენ და პირველ რიგში, სწორედ მაღალი რისკის კონტინგენტის გატესტვა მოხდება. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კი განხორციელდება ყველა პირის ტესტირება, რაც 2 000-მდე ადამიანს შეადგენს – ესენი არიან როგორც ბენეფიციარები, ისე დაწესებულების პერსონალი.
რაც შეეხება ეკლესია-მონასტრებს, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ პირველ რიგში, საუბარია სამონასტრო ტიპის კომპლექსებზე, სადაც მანამდე წარმატებით განხორციელდა ტუბერკულოზის სკრინინგის პროგრამა.
ამასთან, გაბუნია აღნიშნავს, რომ რეკომენდაცია არ ნიშნავს სავალდებულო სკრინინგს და ეპიდემიოლოგების შეფასების საფუძველზე მოხდება ამ ჯგუფების გაფართოება, რაც მომდევნო ეტაპზე დაიგეგმება.
„პრინციპია ის, რომ ამ ტიპის ანტისხეულის ტესტი ნაჩვენებია დახურული ტიპის დაწესებულებებში მცხოვრები ან დასაქმებული პირებისთვის. საუბარია, რომელი ტესტი რომელი ჯგუფისთვისაა რეკომენდებული, რომელი ჯგუფები რა პერიოდულობით იქნებიან მოცული“, – განმარტა გაბუნიამ.
მისი თქმით, სამოქმედო გეგმა ტესტების შემოსვლის პარალელურად განისაზღვრება. ამ კვირაში ქვეყანა ელოდება ტესტების სოლიდურ რაოდენობას და „კოვიდის“ პროგრამაში ჩართული სამედიცინო პერსონალისა და სამხედრო მოსამსახურეების შემდეგ, პრიორიტეტული ჯგუფი იქნება ფსიქიატრიული სტაციონარები, რომლებსაც მოჰყვება სამედიცინო პერსონალი პენიტენციალურ დაწესებულებებში. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდება პროგრამა სხვა ჯგუფებზეც.
თამარ გაბუნია ალგორითმის გაფართოებასაც არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს იმის მიხედვით მოხდება, თუ რა სახის ტესტები იქნება ხელმისაწვდომი.
მინისტრის მოადგილის თქმით, მომდევნო ეტაპზე საუბარი იქნება იმ მოსამსახურეებზე, რომლებსაც საზოგადოებასთან პირდაპირი ურთიერთობა აქვთ – კერძოდ, სერვისცენტრებზე. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, გაბუნიას თქმით, მართალია მედიასაც აქვს შეხება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, თუმცა ამ ეტაპზე საუბარია დახურული ტიპის დაწესებულებებზე, ამ კატეგორიად კი მედია არ განიხილება.
ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგი ჩაუტარდებათ ორგანიზებულ ჯგუფებსა და თავშეყრის ადგილებში მყოფ პირებს. ჯგუფებს შორის, რომელთაც სწრაფი ტესტებით სკრინინგი უნდა ჩაუტარდეთ, დასახელებულნი არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, ხოლო თავშეყრის ადგილების ჩამონათვალი, სადაც სკრინინგი უნდა ჩატარდეს, ასეთია: მონასტრები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები და სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები.