დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, საეკლესიო პირებს, პენიტენციურ და სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფებსა და თავდაცვის ძალებს კორონავირუსზე სწრაფი ტესტებით სკრინინგი ჩაუტარდებათ
დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, საეკლესიო პირებს, პენიტენციურ და სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფებსა და თავდაცვის ძალებს კორონავირუსზე სწრაფი ტესტებით სკრინინგი ჩაუტარდებათ

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგი ჩაუტარდებათ ორგანიზებულ ჯგუფებსა და თავშეყრის ადგილებში მყოფ პირებს. იმ პირთა წრეზე, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება სხვადასხვა მეთოდით უნდა ჩაუტარდეთ, საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პირველი აპრილით დათარიღებული ბრძანების დანართში.

ჯგუფებს შორის, რომელთაც სწრაფი ტესტებით სკრინინგი უნდა ჩაუტარდეთ, დასახელებულნი არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, ხოლო თავშეყრის ადგილების ჩამონათვალი, სადაც სკრინინგი უნდა ჩატარდეს, ასეთია: მონასტრები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები და სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები.

„უსიმპტომო პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდებათ ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან ალგორითმში საუბარია სხვდასხვა ჯგუფის კორონავირუსზე ტესტირების მეთოდებსა და რეკომენდაციებზე.

დოკუმენტის თანახმად, პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქციის (PCR) მეთოდით კვლევა უტარდებათ მაღალი რისკის კონტინგენტს სპეციფიკური სიმპტომებით.

ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები: თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ; COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების მქონე პირები; სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები; სიმპტომური პაციენტები, მაღალი რისკის ზონებიდან; პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით).

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სპეციფიკური სიმპტომების მქონე მაღალი რისკის კონტინგენტს პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქციის მეთოდით კვლევა უტარდება ორჯერადად, პირველ და მე-14 დღეს, ორი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ტარდება ანტისხეულებზე კვლევა. ყველა მეთოდით უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ინფექცია არ დადასტურდა.

ალგორითმის თანახმად, სტრატეგიულ ობიექტებში დასაქმებულ, მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალ უსიმპტომო პირებს, პაციენტების მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკებში დასაქმებულ უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე (IgM/IgG) ყოველ ორ კვირაში ერთხელ.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები, მათ ტესტირება უტარდებათ ე.წ. ცხელების კლინიკებში, შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში – პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქციის (PCR) მეთოდით, სხვა შემთხვევაში კი სწრაფი, მარტივი მეთოდით – ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით. საჭიროების შემთხვევაში, ბიოლოგიური მასალა იგზავნება რეფერენს ლაბორატორიაში პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქციის (PCR) მეთოდით კვლევისთვის.

ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტების კატეგორიაში ერთიანდებიან: ყველა ის პირი, ვინც შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს; პოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით.

ამასთან, ალგორითმის თანახმად, ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ „კოვიდ-19“ ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება.