თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის ვადები მიმდინარე კვირაში დაზუსტდება
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის ვადები მიმდინარე კვირაში დაზუსტდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის მოწოდების ვადები მიმდინარე კვირაში დადგინდება.

„ამ კვირაში დადგინდება მოწოდების ვადები, როგორც „კოვაქსის“ ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოსაწოდებლად  ხელშეკრულების ფარგლებში. ძალიან ინტენსიური სამუშაო შესრულდა ბოლო ორი კვირის განმვალობაში. ხელშეკრულებების ფორმალიზაცია რამდენიმე ეტაპად ხდება, ეს მოიცავს, როგორც გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ასევე დაზღვევის და პასუხისმგებლობების გადანაწილების ხელშეკრულებას. ამ ეტაპზე უკვე „იუნისეფთან“ გვაქვს მოლაპარაკება, რათა დადგინდეს, რა ეტაპობრიობით, საიდან, რა ვადებში შემოვა ქვეყანაში ვაქცინა. ამ კვირაში უკვე გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია. აქ საუბარი მაქვს თარიღზე, როდის მოხდება ვაქცინის მოწოდება. ჩვენ ვფიქრობთ, პირველი კვარტალი, რაც იყო თავიდანვე „კოვაქსთან“, ეს შენარჩუნდება. მომდევნო ორი-სამი კვირა იქნება ის პერიოდი, როდესაც ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდებას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას ინფორმაციით, გარკვეული დამატებითი მოთხოვნები დააყენა „ფაიზერმა“.

„ჩვენ ეს გვაცნობა „კოვაქსმა“. დამატებითი მოთხოვნების თაობაზე ამ კვირაში გაიმართება უშუალო სატელეფონო კომუნიკაცია და ამის მიხედვით გაგრძელდება ვაქცინის მოწოდების პროცესზე საუბარი. საუბარი მაქვს „ფაიზერის“ პირველ 30 000 დოზაზე.

ზუსტი ინფორმაცია გვექნება საატელეფონო ჩართვის შემდეგ. ვაქცინაცია დაიწყება ძალიან მალე, ეს კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ვფიქრობთ, მარტის პირველი ნახევარი, თუ უფრო ადრე არა, იქნება პერიოდი, როდესაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.