თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს, ახალციხეში მომხდარი ფაქტის გამო, როგორ გაგრძელდება ვაქცინაციის პროგრამა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტომ შესწავლა დაიწყო.
საუბარია აცრის შემდეგ გამოვლენილ სავარაუდო გვერდით რეაქციაზე.
„დღეს ოთხი საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცო პერსონალს ახალციხის „იმედის“ კლინიკაში დაუფიქსირდა სავარაუდო გვერდითი რეაქცია, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან. ამდენად, დაუყოვნებლივ დაიწყო ამ შემთხვევის გამოძიება, როგორც ეს ხდება გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად. რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა, რათა დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის“, – განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა დაიწყო მისი თბილისში ტრანსპორტირების პროცესი და შემდგომ მკურნალობა, მართვა გაგრძელდება თბილისში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
გარდა ამისა, თამარ გაბუნიას განმარტებით, დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების თაობაზე.
„დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობაზე, როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის განვითარება, „ასტრაზენეკაზე“ მაქვს საუბარი.
სტანდარტულად, როდესაც დგება სავარაუდო გვერდითი რეაქცია, ექსპერტების შეფასების საფუძველზე, თუ არის მძიმე გევრდითი რეაქცია, და ამ შემთხვევაში მძიმე გვერდით რეაქციასთან გვაქვს საქმე, ვიდრე არ მოხდება შემთხვევის შესწავლა და მიზეზშედეგობრივი კავშირის გამოკვლევა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით, ვიდრე არ დადგინდება. თუმცა, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მსგავსი გვერდითი რეაქცია უკვე აქვს დაფიქსირებული მოსალოდნელ გვერდით რეაქციებში. 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი, ანუ ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. ამ შემთხვევაში ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რასთან გვაქვს საქმე. ანაფილაქსიაა ეს, თუ რამე სხვა გვერდითი რეაქცია, ამას შეისწავლიან ექსპერტები, მაგრამ ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო ანაფილაქსიის ტიპის გვერდითი მოვლენა. ანაფილაქსიის გამო არც ერთ ქვეყანას ვაქცინაცია არ შეუჩერებია, მაგრამ ექსპერტების დასკვნას დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.