თამარ გაბუნია აცხადებს, რომ 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს დიდი ტრაგედიაა.
თამარ გაბუნიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ინფორმაცია აქვს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, რადგან გარდაცვლილის ოჯახი ექიმების ბრალეულობას არ გამორიცხავს. თამარ გაბუნიას თქმით, რეგულირების სააგენტო ჩაერთვება საკითხის შესწავლაში და შესაბამისი რეაგირება ექნება.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საყურადღებო ფაქტია, დიდი ტრაგედიაა. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო მწუხარება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება იმ პროცედურას, რაც ზოგადად, მსგავსი შემთხვევების დროს ხდება. რეგულირების სააგენტო ჩაერთვება საკითხის შესწავლაში და რაც გამოიკვეთება, იმაზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.