თამარ გაბუნია - აჭარაში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა თბილისში ვითარება მეტად საყურადღებოა
თამარ გაბუნია - აჭარაში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა თბილისში ვითარება მეტად საყურადღებოა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარის რეგიონში წინა დღეებთან შედარებით, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა როგორც გაბუნია ამბობს, ამგვარი მერყეობა ვირუსს ახასიათებს და ეს მოსალოდნელი იყო. გაბუნია იმედოვნებს, აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ დასტაბილურდება.

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ახლა მეტად საყურადღებო თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა.

„დღეს ანტირეკორდი გვაქვს ეპიდემიოლოგიურ სურათში, ლოგიკური მაჩვენებელია იმასთან, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა. აჭარაშიც არის მატება წინა დღეებთან შედარებით. ამგვარი მერყეობა მოსალოდნელია, თუმცა მეტად საყურადღებოა თბილისში შემთხვევების მატება. მოგეხსენებათ, მარინა ეზუგბაიას ხელმძღვანელობით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს მობილური ჯგუფები, ისინი ასევე ეწვივნენ „მედალფას“ კლინიკას, სადაც მოხდა მიმდინარე ისტორიების შეფასება, გაწერის კრიტერიუმების განხილვა, რეზიუმეების შერჩევა, ეს პროცესი გაგრძელდება სულ მცირე, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში. როცა იცვლება ეპიდემიოლოგიური სურათი და საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, საჭირო ხდება დამხმარე ზომების გამოყენება.

პირველ რიგში, რაზეც შეიძლება უარი ვთქვათ, არის გართობა და ის ღონისიძებები, რომლებიც გარკვეულწილად შეიზღუდა თბილისსა და ქუთაისში შემთხვევების მატების გამო. რაც შეეხება აჭარას, უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, რამდენად გვექნება საშუალება, რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს. იმედი გვაქვს, აჭარაში სტაბილიზაციის სურათი კვლავ დაბრუნდება, შემთხვევების რაოდენობა 200-ს ქვემოთ ჩამოვა და შენარჩუნდება. შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ დაღმასვლაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ასევე, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსზე მიზანმიმართული ტესტირება ძირითადად, რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს უტარდებათ.

„ტესტირება გახდა მეტად ფოკუსირებული და მიმართული რისკჯგუფებზე. ჩენ უკვე მიზანმიმართულად ვიკვლევთ იმ ჯგუფებს, სადაც ყველაზე მაღალია ინფიცირების ალბათობა. ალბათობა იმისა, რომ სადღაც ინფიცირების შემთხვევები და ეს შემთხვევები გამოუვლენელი რჩება, პრაქტიკულად არ არსებობს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.