თამარ გაბუნია - 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია გართულებებისა და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს
დღევანდელი დილის მდგომარეობით, კლინიკებში 6 700 კოვიდსაწოლია მობილიზებული. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 600 საწოლი დაემატა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა გარკვეულწილად დაბალანსდა, რადგან ინფიცირებულთა უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის.
„პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ჰოსპიტალში არის 5 500. კლინიკებისთვის მათთვის კოვიდსაწოლების დამატება გარკვეულწილად გავლილი ეტაპია, ვფიქრობთ, მობილიზება მოხდება დამატებითი საწოლების. პედიატრიულ საწოლებზე, საბედნიეროდ, მოთხოვნა რამდენადმე დაბალანსდა, რადგან შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის. ჰოსპიტალური საწოლები დაემატა პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის. ამ ეტაპზე სიტუაცია სრულად მართულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება 16-დან 18 წლამდე პირების „ფაიზერით“ აცრას, თამარ გაბუნია ამბობს, რომ პროცესი ყოველგვარი გართულებების და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს.
„პროცესი დაწყებულია. რამდენიმე ათეულია უკვე აცრილი, მათ შორის სტუდენტები, დაახლოებით 20 სტუდენტი იყო, ვინც მიემგზავრებოდა და აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით. ეს პროცესი გრძელდება ყოველგვარი გართულებების და პრობლემების გარეშე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.