თამარ გაბუნია - 1500-ზე მეტი შემთხვევა საკმაოდ კრიტიკული ზღვარია, საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდება ეპიდვითარებას
რთული გასაგები არ არის, რამ შეუწყო ხელი კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდას. ბოლო პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად ქმედითი შეზღუდვების გარეშე დავრჩით. ბოლო პერიოდში ასევე მაღალი აქტივობაა თავყრილობებზე, მიტინგებზე, სხვა ტიპის ორგანიზებული სახის კონფერენციები და ასეთი ტიპის აქტივობებიც ბევრი გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდება ეპიდვითარებას და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„ბოლო პერიოდში ბავშვთა ბანაკები იყო აქტიური და შესაძლოა, ბავშვთა ბანაკები და მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებებიც იყო ხელშემწყობი ინფექციის გავრცელების. დღეს ყველას გვესმის, რომ 1500-ზე მეტი შემთხვევა საკმაოდ კრიტიკული ზღვარია, რათა ჩვენ სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები. ამდენად, საკოორდინაციო საბჭო დაელოდება და რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდება ეპიდვითარებას. ვაქცინაცია, დისტანცია, ნიღაბი არის მთავარი გამოსავალი. რა თქმა უნდა, არასაჭირო ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად, სკოლების ბანაკი და ასეთი ტიპის ღონისძიებები, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ან ვაკონტროლოთ დამსწრეთა რაოდენობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.