თამარ გაბუნია - 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის საკითხზე გადაწყვეტილება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში იქნება მიღებული
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ 12 წელს ზემოთ ბავშვების კორონავირუსზე ვაქცინაცია მნიშვნელოვანი საკითხია და აღნიშნულზე ვაქცინაციის კომიტეტი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით იმსჯელებს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება ორ-სამ კვირაში გახდება ცნობილი.
„ბავშვების აცრა 12 წლის ზემოთ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ჩვენ კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. ამაზე იმსჯელებს ვაქცინაციის კომიტეტი და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ველოდებით, თუმცა ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიც გახლავთ აშშ-ის წამლის სააგენტო, რომელმაც სრული ავტორიზაცია მიანიჭა „ფაიზერის“ ვაქცინას, ასევე ევროპის მარეგულირებელი, მთელი რიგი ევროპის ქვეყნები უკვე აკეთებენ ამას და ვფიქრობ, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მათი გამოცდილების გაზიარებით. ბუნებრივია, მშობლის გადაწყვეტილებითა და სურვილით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.