თამარ გაბუნია - ჩვენი მიზანია, ჯანდაცვის 46 000 მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე, მაღალი ალბათობით, ეს იქნება მიმდინარე წლის პირველი კვარტალი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დამტკიცდა. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა იქნება გზამკვლევი წლის ბოლომდე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის.
თამარ გაბუნიას განმარტებით, მიზანია, ჯანდაცვის 46 000 მუშაკი აიცრას ვაქცინაციის პირველივე ეტაპზე, მაღალი ალბათობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში.
თამარ გაბუნიამ მედიას გააცნო ის ძირითადი ასპექტები, რომელსაც ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა მოიცავს.
„გეგმის ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს მოცული. ეს იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის, ასევე ვაქცინაციის მოცვით ჯამურად მოსახლეობის უმრავლესობა დაცული იყოს იმუნური პასუხით და მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს უსაფრთხო, აღარ იყოს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები. სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ამის მიღწევა რეალისტური და შესაძლებელი იქნება.
ძირითადი დაშვებები, რომელსაც გეგმა ემყარება არის ის, რომ ვაქცინებთან მიმართებაში სიტუაციები მუდმივად იცვლება, განახლებადია. თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიზებულ ვაქცინებზე „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, გეგმაში და შემუშავების პროცესში არის კიდევ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულია, შანსი აქვთ, რომ უახლოეს თვეებში ისინიც მიიღებენ ავტორიზაციას, რაც მეტად მრავალფეროვანს გახდის ბაზარს ვაქცინებთან მიმართებაში.ბუნერივია, ჩვენც ჩვენს გეგმაში ავსახავთ იმ ვაქცინებს, რომლებიც იქნება ეფექტური და ხარისხიანი.
იმუნიზაციის პროგრამის გაშლა იგეგმება ეტაპობრივად, პირველ ჯგუფში მოხდება მეტად მაღალი რისკის პირების მოცვა, რომელსაც შემდეგ დაემატებიან სხვა პირები. პირველი ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი არიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები. ამ ჯგუფის სამიზნე მოსახლეობა ჯამურად 71 000-ია. მოცვის მაჩვენებელი არის 65 პროცენტი. არის იმგვარი დაშვება, რომ რიგ შემთხვევაში, ჯანდაცვის პროფესიონალი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან ექნება რამე თანხმლები მდგომარეობა, რა შემთხვევაშიც, შესაძლოა, ვაქცინაცია არ იყოს ნაჩვენები, ამდენად, სამიზნე მოცვა არის 65 პროცენტი, რაც უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯგუფების მოცვის მაჩვენებელი.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი იქნება, ჯანდაცვის 46 000 მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე, ძალიან მალე, მაღალი ალბათობით ეს იქნება უკვე ამ წლის პირველი კვარტალი. ველოდებით, რომ ვაქცინებს მივიღებთ პორველ კვარტალში და დაიწყება ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ამას შემდეგ მოყვებიან ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.