თამარ ჩუგოშვილი - სისხლის სამართლის წესით პასუხის გაცემა გადაჭარბებულია უგემოვნო პერფორმანსზე, რაც საზოგადოებამ პარლამენტში იხილა
თამარ ჩუგოშვილი - სისხლის სამართლის წესით პასუხის გაცემა გადაჭარბებულია უგემოვნო პერფორმანსზე, რაც საზოგადოებამ პარლამენტში იხილა

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის წესით პასუხის გაცემა გადაჭარბებულია იმ უგემოვნო პერფორმანსზე, რაც გუშინ, საზოგადოებამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იხილა. როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ეს პერფორმანსი არ მოეწონა.

„არ მგონია, რომ რაიმე ფორმით მიზანს აღწევდა. როგორც ვხვდები, სხდომის ჩაშლა უნდოდათ, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ და უგემოვნო რამე შედგა. რამდენიმე ადამიანს სასწრაფოც დასჭირდა. ცუდი რამე იყო გაკეთებული, მაგრამ ეს რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ხარისხში გადაიზარდოს, ეს მგონია, ზედმეტი და არასწორი რეაგირების მიცემაა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი იგრძნობა.