თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებას აქვს უფლება, ნახოს წერილი, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა
თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებას აქვს უფლება, ნახოს წერილი, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, ნახოს წერილი, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ გუშინ ისაუბრა.

„გუშინ ძალიან სერიოზული ბრალდებები გაკეთდა საპარლამენტო ტრიბუნიდან. ჩემთვის ცოტა დამაბნეველი ინფორმაციაა, რადგან სხვადასხვა წყაროდან სხვადახვა ტიპის კომენტარსა და ინფორმაციას ვისმენ ამ საკითხზე. ამიტომ, უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა წერილზეა საუბარი. ძალიან სერიოზული ბრალდებაა ნამდვილად. ვნახე ამონარიდი, მათ შორის, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული, და იქ ცოტა სხვა რამ ეწერა. ამიტომ, ჩემთვის ამ წერილზე მეტი სიცხადეა საჭირო. ბრალდების ავტორებს მოვუწოდებდი, ეს წერილი უნდა ვნახოთ. სხვანაირად, ზეპირად ხმამაღლა ამის თქმამ გუშინ სულ გადაფარა ის დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა. რეალურად, შედეგად ის მივიღეთ, რომ საგანზე საუბრის ნაცვლად, მთლიანი დისკუსია წავიდა ამ წერილის გარშემო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, რეალურად, არ არის ცნობილი, ეს რა წერილია, როდის დაიწერა, საერთოდ არსებობს, არ არსებობს, ვინ დაწერა, როდის და ა.შ.

„უამრავი კითხვა გაჩნდა. საგამოძიებო სამსახურებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან ცოტა სხვა განცხადებები მოვისმინე. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, ბრალდების ავტორმა მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.  ვიდრე გამოძიებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უკვე მიმდინარეობს, უნდა ვიცოდეთ, რეალურად, რაზე არის საუბარი, რის გამოძიებას ვითხოვთ. პროცესი უნდა დაიწყოს იმით, რომ ეს წერილი ვნახოთ, საზოგადოებას აქვს ამის უფლება. ასეთი სერიოზული ბრალდებები როდესაც კეთდება. ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლება აქვს ბრალდებულს, რომ ვისაც ბრალი დაედო ამ შემთხვევაში და ჩვენც, ყველა დანარჩენს, რომ ვნახოთ რაზე არის საუბარი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად, ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტარი გუშინ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. გახარიას თქმით, ის წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირდაპირ ეუბნება.