თამარ ჩუგოშვილი - რუსეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რა დამოკიდებულება აქვს და რასაც ცდილობს, ყველამ კარგად ვიცით
რუსეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რა დამოკიდებულება აქვს და რასაც ცდილობს, ყველამ კარგად ვიცით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. ის რუსული მედიის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის გათვალისწინებით, რუსეთის დუმა 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის საკითხს განიხილავს.
ჩუგოშვილის თქმით, რუსეთს ამ საკითხებზე თავისი პოზიცია აქვს, საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს კი – სრულიად განსხვავებული.
„ბუნებრივია, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციები თანხვედრაშია. რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რა დამოკიდებულება აქვს და რასაც ცდილობს, ყველამ ვიცით. მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების აღიარება, რომელიც ამ საკითხების მიმართ არის სწორი, თანმიმდევრული და გადახედვას არ ექვემდებარება“, – აცხადებს ჩუგოშვილი.
კითხვაზე, რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ცდილობს თუ არა ისტორიის შეცვლას, ჩუგოშვილი პასუხობს, რომ ეს მცდელობა არის. „ეს მათი პრეზიდენტისგან მოვისმინეთ. ეს მცდელობები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, – დასძინა ჩუგოშვილმა.
დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის საბჭო უახლოეს სესიაზე, საქართველოს მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების გენოციდად აღიარების საკითხს განიხილავს.