თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში უმრავლესობის ჩართვას აზრი არ აქვს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში მმართველი გუნდის ჩართვას არანაირი აზრი არ აქვს.
როგორც პირველ არხს ჩუგოშვილმა განუცხადა, მოვლენების განვითარების გათვალისწინებით, კონსულტაციებში უმრავლესობის ჩართვა აზრს მოკლებულია.
დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გარკვეული პროცესი წარმართა და გადაწყვეტილების მიმღებ, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაცია კინკლაობად მიიჩნია.
„როცა პროცესში უმრავლესობის მონაწილეობასთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულებაა, ალბათ, პროცესის გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს. შეუძლიათ, პროცესი თავად განაგრძონ და ის კანდიდატურა წარმოადგინონ, ვისაც საჭიროდ მიიჩნევენ, თუმცა თუ აქამდე განვითარებულ მოვლენებს და იმ პირებს გადავხედავთ, ვინც პრეზიდენტმა სხვადასხვა თანამდებობაზე წარადგინა, ეს ადამიანები ძირითადად მისი თანამშრომლები იყვნენ. კერძოდ, მისი აპარატის თანამშრომლები, რომლებიც ფაქტობრივად, ყველა ვაკანსიაზე დაასახელა, სადაც უნდა დაესახელებინა. შესაბამისად, ამ პროცესის მიმართ დიდი მოლოდინი არ გვაქვს“, – აცხადებს დეპუტატი.
თამარ ჩუგოშვილი არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.
„გააჩნია, როგორი კანდიდატი შეირჩევა. სასამართლო სისტემისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მთავარია, რომ ისეთი პირი იყოს წარდგენილი, ვინც მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეძლებს. იმის გათვალისწინებით, რა პროცესიც მიმდინარეობს, დიდი მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თავად კანდიდატი მოთხოვნებს რამდენად შეესაბამება“, – დასძინა ჩუგოშვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხვადასხვა პროცედურებს ითვალისწინებს.
დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს.
კონსტიტუციის იმ რედაქციის გათვალისწინებით კი, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ასევე პარლამენტი ირჩევს, თუმცა უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
ამასთან, ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, ფართო კონსულტაციები გამოაცხადა. კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი პრეზიდენტის მრჩევლების მონაწილეობით უკვე შედგა.