თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტის მხრიდან დადებითი შეფასებები, როგორც ჩანს, ოპოზიციას ძალიან აწუხებს
თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტის მხრიდან დადებითი შეფასებები, როგორც ჩანს, ოპოზიციას ძალიან აწუხებს

ევროპარლამენტი საქართველოს ასოცირების შეთანხმების პროცესს პირველად აფასებს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას ძალიან აწუხებს დადებითი შეფასებები და ნონა მიხელიძის ანგარიშით სცადეს საზოგადოების დაბნევა.

მისივე თქმით, ვიზიტები, რომლითაც ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატები ბრიუსელში იმყოფებიან ემსახურება, იმას, რომ ევროპარლამენტის მიერ მომზადებული დადებითი შეფასებები დაზიანდეს.

„დარწმუნებული ვარ, ეს არ გამოუვათ, რადგან ასეთი მცდელობები ადრეც ჰქონიათ. როგორც ადრე დასრულდა წარუმატებლად, ისეთივე წარუმატებლობით დასრულდება ახლაც. ჩვენ ვაწვდით სწორ ინფორმაციას. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ყველა პარტიასთან, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მომხსენებლებთან და საქართველოს მხარდამჭერ დეპუტატებთან. ჩვენი ამოცანაა, რომ სწორად იყვნენ ინფორმირებულები. გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიცია ცდილობს, რაღაც კრიტიკული ათქმევინოს ვიღაცას, მუდმივად არიან ამის მცდელობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქვეყანას აფასებენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით და ამ შეფასებასთან იქნება მიბმული გარკვეული მომავალი ნაბიჯები. ცოტა გულდასაწყვეტია, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად არ შესტკივა გული იმაზე, რომ ეს ნაბიჯები იყოს ეფექტური და სწრაფი, შეფასებები იყოს პოზიტიური. როდესაც ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის გულდასაწყვეტია, თორემ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, მივყვებით ბოლომდე”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ 30 აგვისტოს ანგარიში მოისმინეს. 

კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.

გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.