თამარ ჩუგოშვილი - არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ოპოზიცია ისე, როგორც შალვა თადუმაძეს მოექცა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერაზე ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გაივლიან კანდიდატები გასაუბრებას და რა შთაბეჭდილება დამრჩება თითოეულზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.
ჩუგოშვილის შეფასებით, გენერალურ პროკურორ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის მიმართ არაეთიკური შეტევა განხორციელდა.
„რაც შეეხება შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია უმრავლესობის პროტესტი და პროცესში ჩართულობა, ამას ერთადერთი ახსნა აქვს. იმდენად დიდი პოლიტიკური და არაეთიკური შეტევა იყო, ეს ძალიან კარგად ჩანდა, არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ოპოზიცია ისე, როგორც მოექცა შალვა თადუმაძეს. ამ თვალსაზრისით მასზე პირდაპირ პოლიტიკური შეტევა ჩანდა. ალბათ, ამან გამოიწვია ის, რომ მამუკა მდინარაძემ და სხვებმა გააკეთეს აქცენტი თემებზე, რომელიც კომიტეტზე გაჟღერდა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, შეუძლებელი თქმა, ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
„ვინ გახდება უზენაესის წევრი, ამის თქმა შეუძლებელია. არის რამდენიმე კანდიდატი, რომელმაც საკმაოდ კარგად გაიარა გასაუბრება. არიან სხვები, რომლებზეც კითხვებია, მაგრამ ზუსტად ვის დავუჭერთ მხარს, ეს გვეცოდინება მხოლოდ მაშინ, როდესაც კენჭისყრაზე დადგება საკითხი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.