თამარ ჩერგოლეიშვილი - ხუთიანის მოხაზვას ყველაზე დიდ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი
თუ თავს მარსელები დაგვესხმებიან, შესაძლოა, ჩემი მოკავშირე პუტინიც კი გახდეს, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი მარსელივით დაგვესხა თავს და ვაშაძე ჩემი მოკავშირე ამიტომ არის, თორემ დღეს ხუთიანის მოხაზვას ყველაზე დიდ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის არჩევანმა, სიჯიუტემ და უტიფრობამ გააცოცხლა“.
„საზოგადოების უმრავლესობამ, დიდმა ნაწილმა, უარი უთხრა ივანიშვილის კანდიდატს და რეალურად, ეს სალომე ზურაბიშვილისთვის ნათქვამი უარიცაა და ბიძინა ივანიშვილისთვის ნათქვამი უარიც“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე ძალიან არ მოსწონს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი უფრო არ მოსწონს და გრიგოლ ვაშაძეს მხარს ამიტომ უჭერს.
„სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის კონკრეტულ საფრთხეს შეიცავს. ვაშაძეს კი აქვს ნათქვამი, რუსული კულტურის კაცი ვარო და მისი პრეზიდენტობა საშინლად არ მინდა, მაგრამ მისი ეს სიტყვები ჩვენს უსაფრთხოებას ზიანს ვერ მიაყენებს, სალომე ზურაბიშვილის 2008 წლის ომთან დაკავშირებით ნათქვამი სიტყვები კი, მიაყენებს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნების მეორე დღესვე, მისი მთავარი მოთხოვნა იქნება, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წელს მოხდეს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დარჩება თუ არა ის ოპოზიციაში არჩევნების შემდეგ, შედეგის მიუხედავად, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციაში დარჩება, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია კი, როგორც იცის, ასეთივეა.
„გუშინ გიგას ვუსმინე „TV პირველზე“, გიგის ვუსმინე და ორივე იძახის, რომ სააკაშვილის ოპოზიციაში იქნებიან. მათი ერთად ყოფნა ძალიან რთულია, რადგან აბსოლუტურად სხვადასხვა პლატფორმებზე არიან. კაცი, იმ არჩევნებში, რომელიც ლამის, მოიგო, ამტკიცებდა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, შულერთან სათამაშოდ არ ჯდებიანო“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.