თამარ ჩერგოლეიშვილი - ჩემთვის ძალადობასა და ფლირტს შორის ზღვარი იმაზე გადის, ადამიანი უფლებამოსილებასა და ფიზიკურ ძალას რამდენად იყენებს, რომ საწადელს მიაღწიოს
ყველანი ადამიანები ვართ, ყველას გვქონია ფლირტი და შეგვყვარებია ადამიანი, რომელთანაც შესაძლოა, ცალმხრივი კომუნიკაციაც კი გვქონოდა. ამიტომ, საკითხი კარგად უნდა გავმიჯნოთ, რომ ეს ყველაფერი კუდიანებზე ნადირობას არ დაემსგავსოს – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩემი გადმოსახედიდან ძალადობა ადამიანისგან სექსის გამოსაძალად ფიზიკური, სამსახურეობრივი, ან სხვა ტიპის უფლებამოსილების გამოყენებაა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ქალი იქნება, თუ კაცი. ჩემთვის ძალადობასა და ფლირტს, ძალადობასა და თუნდაც, ატორღიალებას შორის ზღვარი იმაზე გადის, ადამიანი თავის უფლებამოსილებასა და ფიზიკურ ძალას რამდენად იყენებს, რომ საწადელს მიაღწიოს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, წინა პარასკევს, როცა სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი ბორდის წევრობის კანდიდატად დაასახელა, ამას ქალების ჯგუფში, სადაც რამდენიმე ასეული ქალია თავმოყრილი, ერთგვარი პროტესტი მოჰყვა.
„მათგან ასეთი ბრალდებაც კი გაისმა, თუ რატომ ასახელებდა სახალხო დამცველი ისეთი ადამიანის კანდიდატურას, რომელიც ქალებზე ძალადობს, რომელსაც ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს და ამის შესახებ სახალხო დამცველმაც იცის. იმ ჯგუფის წევრები ჩემი ჟურნალისტებიც იყვნენ და ბუნებრივია, თქვეს, ბრალდებებს ასე ჰაერში რომ ისვრით, ასე არ გამოვა და თუ კონკრეტული ისტორიები გაქვთ, მოყევითო. იქ უცებ გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ ეს მათ მეგობრებს დაემართათ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, ამის შემდეგ „ტაბულას“ ჟურნალისტმა დამსწრეების გარეშე, პირადად ამ ქალებთან დაიწყო დაკავშირება და გაირკვა, რომ ასეთი ოცამდე ქალია, რომლებიც ერთსა და იმავე ისტორიას ყვება და, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ.
„ხატია ღოღობერიძე, ვინც ეს მასალა მოამზადა, თორმეტამდე ადამიანს ელაპარაკა, საიდანაც საკუთარი ამბის გასაჯაროება რვამ ისურვა, მხოლოდ ანონიმურობის დაცვით. ბუნებრივია, ამან გარკვეულწილად, სანდოობა დააზარალა, მაგრამ მათი მოთხოვნა გასაგებია, რადგან ჩვენ კარგად გვახსოვს თათია სამხარაძის შემთხვევა, როცა მან იგივეში შალვა რამიშვილი დაადანაშაულა, რის შემდეგაც საზოგადოება ფეისბუკში მის პირად გვერდზე შევარდა და ქექვა დაიწყო, სად დაწერა რაღაც გამომწვევი პოსტი, სად ეცვა მოკლე კაბა და ა.შ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოება მაშინ ისე მოიქცა, თითქოს, თუ ქალს მოკლე კაბა აცვია, ის მამაკაცს თავად იწვევს და აუცილებლად უნდა გააუპატიორონ, რაც მავნე სტერეოტიპია და იმას წარმოაჩენს, რომ ქალი მეორეხარისხოვნად უნდა იქნას აღქმული.