თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით ადვოკატ მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
რამიშვილის განცხადებით, ის და ადვოკატი ეკა ქობესაშვილი დაბარებულები არიან, რომ დაიკითხონ მტკიცებულებების ფალსიფიცირების საქმეზე. რამიშვილის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ გამოძიებას მისი ბაჩალიაშვილის საქმიდან ჩამოცილება სურს.
ამასთან, ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.
„დამიბარეს სატელიტიდან გადაღებულ ფოტოსურათთან დაკავშირებით. ალბათ, აინტერესებთ შეკვეთა იყო, თუ მისი ინიციატივით, მისი გადაწყვეტილებით. მესმის, უნდათ, როგორღაც ამ საქმეს ჩამომაშორონ, ან რამე მიზეზი მოძებნონ. ამის მცდელობები მრავალი იყო თავიდანვე. მოვედი, რომ დავეხმარო გამოძიებას”, – განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ასევე აპირებს, გამოძიებას მიაწოდოს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმეა. რამიშვილის ცნობით, ეს პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა და კომუნიკაცია ჰქონდა ბაჩალიაშვილთან.
„მოვიტანე გამოკითხვის ოქმი. ეს არის 3 აგვისტო, როდესაც დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც დეტალურად აღწერს ოქმში, როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, როგორ გადასცემდა გარკვეული წლების უკან „ფლეშკებს“ და როგორ აძლევდა გარკვეულ მითითებებს. ყველაფერს ვაკვირდებოდი და მაინტერესებდა, გამოძიება რას მოიმოქმედებდა. გვარებს არ დავასახელებ, გადავცემ გამოძიებას გამოკითხვის ოქმს და მივუთითებ სახელსა და გვარს. ეს ადამიანი მუშაობდა კომპიუტერულ და პროგრამულ სფეროში. იმ ადამიანის უსაფრთხოების მიზნით, ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით მივმართავ საქართველოში ამერიკის და ევროპის ქვეყნების ელჩებს. მე ბაჩანასათანაც მქონდა კონტაქტი ამ ადამიანის სახელსა და გვართან დაკავშირებით და მას ჰქონდა სურვილი, შევხვედროდი. ბაჩანაზეც ბევრი რაღაც ვიცი, მთელი დღეა, ბაჩანას მობილური აქვს გამორთული. ვიცი ბაჩანას კავშირები სუს-ის სტრუქტურასთან. ალბათ, აქედან გამომდინარე მოუწევთ ლექტორი ზარქუას დაკითხვა, რომელიც თავის სტუდენტებს გარკვეულ რეკომენდაციებს უწევდა ძალოვან სტრუქტურებში. რა სახის ინფორმაცის აწვდიდა ეს პირი ბაჩალიაშვილს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს პირი რამდენიმე თვეა აღარ მუშაობს ამ სტრუქტურაში“,- განაცხადა რამიშვილმა.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა კი განაცხადა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.