თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათმა ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათმა ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ბაჩალიაშვილები საქმის შეწყვეტას აპროტესტებენ და მოითხოვეს, რომ საქმე გამოძიების ეტაპზე დაბრუნდეს, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი დაუბრუნდეს.
აღნიშნული საჩივრით რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილების ოჯახის წევრებმა პროკურატურას მიმართეს, თუმცა უწყებამ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა. სწორედ პროკურატურის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ბაჩალიაშვილებმა საქალაქო სასამართლოში.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჩივარს არც საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილებს, აპირებენ, რომ სტრასბურის სასამარლოს მიმართონ.
„ქალქის პროკურატურამ ჩვენ უარი გვითხრა და საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს დადგენილება ჩვენ გავასაჩივრეთ სასამართლოში. საჩივარში დავაფიქსირეთ, რომ აღნიშნული დადგენილება არის უკანონო, არანაირი ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს აღნიშნულ მედიკამენტზე, რომელიც აღმოჩენილი იყო, არც ექსპერტიზაა ჩატარებული. საქმეში ძალიან ბევრი დარღვევა არსებობს. ვიმედოვნებ, მოსამართლეს არ დაავიწყდება, რომ მის მიერ გადაწყვეტილი განჩინება თუ არ დააბრუნებს საქმეს გამოძიებაში, გასაჩივრდება სტრაბურგში”, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.