თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ენდობა
თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ენდობა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ ის ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და სწორედ ამიტომ ითხოვს, საქმის გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ნაცვლად, შსს-მ აწარმოოს.

მისივე თქმით, ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოში მუშაობს ის პირი, რომელმაც უთხრა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი შარში გაეხვა. ბაჩალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული პირი დღეს სამმართველოში არ დახვდა.​

„დიდი იმედი მაქვს, მინისტრი ჰყავს ამ ქვეყნას, ბატონი გახარია კარგად ნახავს და ასეთ ნაგვებს მოაშორებს. მტერს არ ვუსურვებ, რა დღეიშიც ვარ, პირადად არავიზე ვიძახი, უბრალოდ, აეხსნა, ეთქვა ჩემთვის. როგორც გზა გადაიკეტა, მეორე დღით გამოჩნდა მანქანა“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ენდობა და მათ მიმართ პრეტენზია არ აქვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ვენაცვალე, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ვიღაცების გამოკლებით. ისეთი ხალხი ზის, ძალიან დაფიქრებული, ჩახედულები არიან, ისინი ნამუსით, სინდისით, მგონი, მიხედავენ ამ საქმეს“, – აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

კითხვაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემთხვევაში გაიზრდება თუ არა მისი ნდობა გამოძიების მიმართ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, ყველაფერი გაირკვევა.

„იმედი მაქვს, იმედი მაქვს 100 პროცენტით, გაირკვევა ყველაფერი, რადგან ამას უსინათლოც დაინახავს, ყველა ხვდება, რაც ხდება. რა ხდება აქ, ყველა ხედავს“, – დასძინა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდნენ. როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ოჯახის სურვილია, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

დღესვე გენინსპექციაში გამოკითხეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი. გამოკითხვიდან გამოსულმა ბაჭულაშვილმა აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის არასდროს უთქვამს, თითქოს მისი შვილი შარში იყო.