თამარ ბაჩალიაშვილის დედა - საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის ვერსიით, დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ
თამარ ბაჩალიაშვილის დედა - საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის ვერსიით, დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ

საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის ვერსიით, დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ,- ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. თამაზაშვილი საგამოძიებო უწყებაში ოჯახის ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა.

„საერთოდ დახურვა უნდათ, როგორც დაიწყეს, რადგან ჩალითაც აღარაა ეს ქვეყანა დახურული, ქვეყანა აღარ ჰქვია ამას. ვითომ სტილისტი და დაკითხეს და დასკვნა გამოიტანეს, რომ თურმე თავი მოუკლავს. ვინც საჭირო იყო, ის არ დაკითხეს. ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც პანაშვიდზე მოვიდა და ბოდიშებს უხდიდა, ვერ დაადგინეს. ​ექსპერტიზის დასკვნებია, თურმე ბუზს გადააქვს ფეხსაცმელზე სისხლი, ასეთი რაღაც გაგიგიათ?

საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის ვერსიით, გაგვესაუბრნენ, რომ უნდა დავასრულოთ საქმეო. თურმე ექვსი თვე ამ მოწმეების დაკითხვას მოუნდნენ, არჩევნებს დაელოდნენ, აბა ვინ გაიმარჯვებს, ეს საქმე თვითმკვლელობით დავასრულოთ თუ არაო. ჯერ არ იციან ვისთან აქვთ საქმე, მაგათთვის შეიძლება ერთი პატარა მოლეკულა ვარ, მაგრამ შეიძლება ის პატარა მოლეკულაა, რომელიც ხლიჩავს ატომს. დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ და კერძო დეტექტივი რომ დამჭირდეს, ჩამოვიყვან“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ოჯახის ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, პროკურატურისთვის ახალი გარემოებაა ფსიქოლოგიური დასკვნა. ადვოკატის განცხადებით, დასკვნაში ალბათობის ხარისხით წერია, რომ შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს მოეკლა თავი. ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ ამ დასკვნას არ ენდობიან.

„დღეს გამოძიებამ ფაქტობრივად გაგვაცნო შემაჯამებელი გადაწყვეტილება. მათთვის ახალი გარემოება იყო, რომ დადებულია ფსიქოლოგიური დასკვნა, სადაც ალბათობის ხარისხით წერია, რომ შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს მოეკლა თავი, თუმცა ის მეთოდები, რითიც არის ჩატარებული, ჩვენში ნდობას არ იმსახურებს. შესწავლილია საქმის მასალებით და არა სხვა გარემოებებით, მთლიანად უნდა შესწავლილიყო თამარის ცხოვრება, თუმცა ეს დასკვნა ჩემთვის არასანდო და არადამაკმაყოფილებელია.

იქ ექსპერტიზა საუბრობს, რომ შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს მოეკლა თავი, წინა პირობებზე საუბრობს, თუმცა არის თუ არა სუიციდის შემთხვევა, დადასტურებით ექსპერტი ამაზე არ საუბრობს. ეს და სხვა ექსპერტიზის დასკვნები გახდა იმის საფუძველი, რომ პროკურატურას ჩამოეყალიბებინა თავისი შემაჯამებელი პოზიცია სიტყვიერად, რომ ეთქვა, საქმე არის თვითმკვლელობასთან. დღემდე არ არის ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი“,- განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს იყო უბრალოდ შეხვედრა და გაცნობა იმ შემაჯამებელი დასკვნების, რომლის გაცნობასაც პროკურატურა აპირებს.

„ეს იყო უბრალოდ გასაუბრება, რომელმაც ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია. მედიკამენტი, რომელიც გაიცემა რეცეპტით, თამარ ბაჩალიაშვილმა სად, როდის, შეიძინა, ამ კითხვაზე იყო პასუხი, რომ ვერ ამტკიცებენ, სად შეიძინა, პასუხი იყო, რომ მან შეიძინაო.

ეს ყველაფერი არჩევნებამდე ხალხის მოსატყუებლად იყო და ეს არ იყო ობიექტური გამოძიება. ეს იყო დავალების შესრულება ზედა მაღალჩინოსნების მხრიდან, ვითომ გამოძიება მიმდინარეობდა. დამნაშავეს როცა ხელს აფარებ, შენ უკვე დამნაშავე ხარ. კითხვაზე პასუხიც არა აქვთ, საიდან აღმოჩნდა ვადაგასული მედიკამენტები“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.