თამარ ბაჩალიაშვილის დედა - პროკურატურაში შეხვედრაზე, ძირითადად, ვუყურებდით ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რაღაცები იკვეთება, არის საეჭვო გარემოებები
თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში დღეს გამართულ შეხვედრაზე, ძირითადად, ვიდეოკამერების ცანაწერებს გაეცნენ.
„ჩვენ, ძირითადად, ვუყურებდით ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რაღაც-რაღაცები იკვეთება. კონკრეტულად ვერ ვიტყვი წინასწარ. არის საეჭვო გარემოებები. ეს ალბათ მერე, ნელ-ნელა დადგინდება. მარნეულის გზაზე უფრო იყო საეჭვო, რაღაც მონაკვეთში ვერ ვნახეთ. შეიძლება, რაღაც მონაკვეთში შეხვდა ვიღაცას. მანქანაში მარტოა და სავარაუდოდ იქ, გზაზე შეხვდა, მაგრამ ზუსტად იმ მონაკვეთშია, სადაც კამერა არ არის დაფიქსირებული“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
კითხვაზე, გასცა თუ არა გამოძიებამ ოჯახის კითხვებს პასუხი, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ პასუხი ყველაფერზე არ მიუღია.
„მე, ძირითადად, მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით მქონდა კითხვა და ამას თვის ბოლოსო, ყველაფრის ექსპერტიზის დასკვნა რომ იქნება, იმის საფუძველზე გავაკეთებთო“, – დასძინა თეონა თამაზაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ოჯახის ადვოკატი პროკურატურაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ საგამოძიებო უწყება გვიან ღამით დატოვეს. ოჯახის წევრები და ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.