თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია, რომელიც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის ავტომობილის ექსპერტიზაში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები ამერიკის ფედერალური ბიუროდან.
ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით შეხვედრაზე საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია მიიღო.
„დეტალურად ვისაუბრეთ ყველა თემაზე. მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები. გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია საქმესთან დაკავშირებით, რაც საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს ეხება სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულს. ძალიან მალე ეს მასალები ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს. ამავდროულად მივიღეთ ინფორმაცია, რომ პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, ჩამოშორდა საქმე“, – განაცხადა რამიშვილმა.
მისივე თქმით, შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ორშაბათს შედგება.
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ არის ბოლო, დაიგეგმება ძალიან ხშირი კონტაქტი.
რაც შეეხება ექსპერტიზებს, ავტომობილის ექსპერტიზაში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები ამერიკის ფედერალური ბიუროდან და მოწვეული იქნება სპეციალური აპარატურა, რომლითაც აქამდე არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცემა.
ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ მტკიცებულებები მხოლოდ თვითმკვლელობის მიმართულებით არ უნდა იყოს მოპოვებული. ჩატარდება ალტერნატიული ექსპერტიზაც“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.