თაკო ჩარკვიანი - ნინო ბურჯანაძე უკვე ლიდერად წარმოჩენას ცდილობს და გავრილოვის გამო კოსაჩოვისთვის ბოდიშის მომხდელი ნამდვილად არ მინდა ორგანიზატორად
ნინო ბურჯანაძე უკვე ლიდერად წარმოჩენას ცდილობს და გავრილოვის გამო კოსაჩივისთვის ბოდიშის მომხდელი ნამდვილად არ მინდა ორგანიზატორად, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ახლა მიდის პროცესი, რომ ცოტა მეტი უფლებები მოინდომა რუსულმა ვექტორმა.
„მთლად ორგანიზატორად არაფრით არ მინდა გავრილოვის გამო კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელი ქალბატონი. შოკში ჩავვარდი, ნინო ბურჯანაძისა და კოსაჩოვის საუბრის ჩანაწერი მოსმენილიც არ მქონდა, გაოგნებული ვარ. სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული აქვს ჩვენება, ბრალი წაყენებული, რომ საქართველომ ომი დაიწყო. მაშინ სალომე ზურაბიშვილს 24 საათი რატომ „ვუბრახუნე“, „ამოვადინე“, რომ გამოიყენეს რუსებმა მისი გამონათქვამი, რუსეთმა დაიწყო ომი და სტრასბურგმა, საბედნიეროდ, გვიპასუხა. გვახსოვს ბურჯანაძის გამოსვლები, რომ გორს ბომბავდა სააკაშვილი. აქციაზე მომსვლელი იმისტებიც არიან, ამისტებიც, მაგრამ ხალხი დასავლეთის მომხრეა. ხალხმა მანდატი ბურჯანაძეს არასოდეს მისცა. ვექტორი, რომელიც ხალხმა გაანულა, ჩვენ რატომ ვაცოცხლებთ. ხალხმა დასაჯა რუსეთის გვერდით დგომისა და პუტინთან გარიგების გამო. ჩვენ ვთქვით, რომ ვადამდელი არჩევნების გამო გავერთიანდებით. თქვენ ვერ ხედავთ, რომ პოლიტიკური გვამების გაცოცხლების მცდელობაა იქ? ლიდერად მისი წარმოჩენა ოპოზიციაში, ეს რუსეთისთვის ნიშანია, რომ ხელისუფლებაში შემძვრალია რუსეთი და ახლა უკვე ოპოზიციაშიც არის შემომძვრალი. ცოტა რიდით და ჩრდილით იდგეს ეს ქალბატონი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, 30-წლიანი ნათაღლითარების, პოლიტიკური გვამების – ბოკერია-ბურჯანაძის გაცოცხლების გამო, ხალხი არ მიდის აქციაზე.
„როგორ შეიძლება, 30 წელი ვუყუროთ ამათ კორუფციას და მაიმუნობას. ვიღაცას ეგონა, რომ შემეშინდებოდა, პროცესი არ ჩაიშალოს. გულწრფელად ანთებული ხალხი ტიროდა გუშინ აქციაზე, ისინი ებრძვიან ამ აღვირახსნილ ხელისუფლებას, შენ ახვედრებ იქ ლიდერის მდგომარეობაში კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელ ბურჯანაძეს, თვალებდათხრილ გოგო-ბიჭებს, ხალხს, რომელმაც ბოდიში მოუხადა კოსაჩოვს გავრილოვის გამო. რა არის, რას ჰგავს? არაფრით არ დავუშვებ ამას, გამორიცხულია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ვალდებულია, შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა, ეს არის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა.
„თუ შეიძლება რიდით და მოკრძალებით იყოს ამ პროცესში რუსული ვექტორი, რათა არ გათამამდეს რუსეთი, არ იფიქროს, ოპოზიციაშიც შევყავი თავიო. ეს არის ჩემი აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, როგორც უპირობოდ დასავლეთის მომხრე თამარ ჩარკვიანისა, რომელიც ამ აღვირახსნილ ხელისუფლებას ზუსტად მაგიტომ ვებრძვი. მართალია, ოპოზიცია გაერთიანდა, მაგრამ იმას კი არ ნიშნავს, რომ სერგო ორჯონიკიძეებთან ვიყოთ ჩახუტებული“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, პრაქტიკულად განულებულია გიგა ბოკერიას პარტიის რეიტინგიც.
მისივე თქმით, არც ნინო ბურჯანაძეს და არც გიგა ბოკერიას ხალხის მანდატი ხელში არ უჭირავთ.
„მანდატი ავიღეთ ჩვენ, თუმცა რუსული ვექტორი, ძალიან სარგებლობს, რომ ოპოზიცია გაერთიანდა. როდესაც მე გამოვდივარ, ღარიბაშვილს ვეუბნები, რომ შენ ხარ რუსეთი, მინდა, პირნათელი ვიყო, თუმცა მეორე მხარეს კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელი მეჯდეს მენტორული ტონით და აქტიურობდეს, უკაცრავად, მაგრამ ეს თამაში არ არის. 30 წელია, რომ თამაშობენ, იმიტომ ვართ წუმპეში. სწორედ ახლა არის ამის გარკვევის დრო, აბა მერე როდის, რომ მოვა უკვე და სიაში გამოგვეცხადება რუსული ვექტორი? ზომა-წონა აქვს ყველაფერს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
კითხვაზე, როგორ აპირებს ოპოზიციასთან ურთიერთობის გაგრძელებას, როდესაც ამ გაერთიანებაში ნინო ბურჯანაძეც არის, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ ის ურთიერთობს ხალხთან.
„ოპოზიცია უნდა იცავდეს ხალხის ინტერესს. ხალხმა გაანულა ვექტორი და შენ რატომ უბედავ, გააცოცხლო რუსული ვექტორი. ოპოზიცია რომ გქვია, არ გვეკადრება ეს, ეს ხალხის მოთხოვნის წინააღმდეგ წასვლაა. მე ჩემი ხალხის მაჯის ცემას ვუგდებ ყურს. მე ვარ ახალი შემოსული პოლიტიკაში, ჩემი წარსულიც არის სუფთა, მეტი მე არაფერი მაქვს, კანონით და სიმართლით, ბოლომდე ვიქნები ერთგული იმისი, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. არ შეიძლება გავრილოვნებთან შესვლა, მაგრამ როცა ამას ვამბობ, კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელი არ უნდა მომევლინოს ოპოზიციაში. ეს ჭეშმარიტებაა და ამას წყალი არ გაუვა. ამ საკითხს არ უნდა ბევრი კამათი, ამას სჭირდება დათანხმება. მე ეს საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთანაც დავაყენე. ჯერ ვამბობ ყველაფერს მაგიდასთან, ყოველთვის, ჩატში, პირად საუბრები, ყველგან ამას ვაფიქსირებ, თუ არ ესმით, ვისაც გვესმის, ისინი ვამბობთ. მე არ ვაპირებ გავემიჯნო ოპოზიციას, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.