ტაივანელ ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში აუტანელი ხმაური ესმოდა — მის ყურში ობობა აღმოჩნდა დაბუდებული #1tvმეცნიერება
ტაივანელ ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში აუტანელი ხმაური ესმოდა — მის ყურში ობობა აღმოჩნდა დაბუდებული #1tvმეცნიერება

ოთხი საშინელი დღისა და ოთხი გრძელი, უძილო ღამის შემდეგ, ტაივანელ ქალს მოთმინების ფიალა აევსო.

ის უკვე ვეღარ უძლებდა გაუჩერებელ შრიალისა და წკაპუნის ხმებს მარცხენა ყურში, რაც ისეთი ღრმად იგრძნობოდა, თითქოს ძვლების შიგნიდან მოდიოდა. გრძნობდა რაღაც მოძრაობებსაც, რამაც დაარწმუნა, რომ მისი ყურის არხში შეიძლება რაღაც ყოფილიყო მოკალათებული.

ქალი არც ცდებოდა. როდესაც ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკას მიაკითხა, ექიმებმა მის მარცხენა ყურში ე. წ. დაკვირვებულთვალიანი ობობა აღმოაჩინეს.

ვინაიდან იქვე იყო მიყრილი ობობას გარეთა ჩონჩხის ნარჩენებიც, დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ობობამ ყურის ხვრელში კარგ ბნელ თავშესაფარს მიაგნო ზრდის პროცესში კანის გარე, მყარი ნაწილების მოსაშორებლად.

ქალაქ ტაინანის მუნიციპალური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, 64 წლის ქალი რაიმე ტკივილს არ გრძნობდა და ობობაც ერთი ციცქნა იყო — მხოლოდ 2-3 მილიმეტრის ზომის.

„ყურის არხში, რომელსაც გარე აუდიტორულ არხს უწოდებენ, მდებარეობს კანის უკიდურესად მგრძნობიარე, თხელი ფენა“, — ამბობს ექიმი დევიდ კასლი.

ეს არხი დაფარულია პატარა ბეწვებითა და საოფლე ჯირკვლებით; მისი ასეთი მგრძნობიარობის გამო, ქალი აუცილებლად იგრძნობდა ობობას ცოცვისა და ფხაკუნის შეგრძნებას, რაც მართლაც აუტანელი იქნებოდა.

ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტები ამბობენ, რომ პაციენტთა ყურში მწერებს ხშირად პოულობენ და ყურის არხისა და დაფის აპკის დაზიანების შემთხვევათა უმეტესი ნაწილი გამოწვეულია არა თავად მწერების, არამედ პაციენტთა მიერ მათი გამოყვანის მცდელობით.

საბედნიეროდ, ტაივანელი ქალის ყურის დაფის აპკი ჯერ ხელუხლებელი იყო. მისი სიმპტომები მაშინვე გაქრა, როგორც კი ექიმებმა ობობა და მისი გამოცვლილი კანი ყურიდან სასრუტი მილით გამოიყვანეს.

შემთხვევის შესახებ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.