ბრიტანული გამოცემა „თაიმსის“ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი 24 მაისს თანამდებობას დატოვებს. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, ამის მიზეზი მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის ბრექსიტის საკითხზე არსებული უთანხმოებაა.
„თაიმსის“ ინფორმაციით, ტერეზა მეი გადადგომის შესახებ განცხადებას, 24 მაისს, კომიტეტ 1922-ის ხელმძღვანელ გრემ ბრეიდისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
როგორც “ბიბისი” წერს, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრთან ნაწილს არ მოსწონს ტერეზა მეის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი ბოლო შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლებს ექნებათ შესაძლებლობა ბრექსიტის საკითხზე რეფერენდუმი ხელმეორედ დანიშნონ.
ჟურნალისტების ცნობით, ამ საკითხზე სასაუბროდ ტერეზა მეისთან შეხვედრა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავადიმ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯერემი ჰანტმა და შოტლანდიის საკითხების მინისტრმა დევიდ მანდელმა მოითხოვეს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მათთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერმა ანდრეა ლიდსომმა თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად მან ტერეზა მეის პოზიციის მიუღებლობა დაასახელა.