The Times - ბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი აქვს, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს
The Times - ბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი აქვს, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს

კორონავირუსზე ანტისხეულების ტესტთან დაკავშირებით ბრიტანული გამოცემა „ტაიმსი“ (The Times) ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის ავტორები ჟურნალ Whitehall რედაქტორი კრის სმიტი, საგამოძიებო ჟურნალის რედაქტორი დომინიკ კენედი, საგამოძიებო ჟურნალის რეპორტიორი ბილი კენბერი არიან.

სტატიაში ანტისხეულების ტესტების ქმედითობისა და ეროვნული ჯანდაცვის სისტემის თანამშრომელთა ტესტირების საკითხებია განხილული.

„მთავრობის მიერ შეკვეთილი ანტისხეულების ტესტებიდან არც ერთია გამოყენებისთვის ვარგისი, – აღიარა  ტესტირების მიმართულების ახალმა უფროსმა. ჯონ ნიუტონის ინფორმაციით, ჩინეთში შეკვეთილი ტესტებით ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებული იმუნიტეტის სწორი განსაზღვრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს მწვავე დაავადება აქვს გადატანილი და ამდენად ბრიტანეთი აღარ აპირებს მილიონობით კომერციული სატესტო მასალის შეძენას“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის თანახმად, ამის ნაცვლად, სამთავრობო სექტორში დასაქმებული მეცნიერები კომპანიებთან აპირებენ მუშაობას ანტისხეულების ტესტების ქმედითობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, პროფესორი ნიუტონი აცხადებს, რომ ოპტიმისტია, რადგან ამ შედეგს რამდენიმე თვეში ელის.

თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ლედი დეირდრე ჰაინი, რომელიც 2009 წელს „ღორის გრიპის“ პანდემიისას გამოყენებული მოდელირებული სისტემის კრიტიკული ნაკლოვანებების განმხილველ ოფიციალურ საბჭოს თავმჯდომარეობდა, აცხადებს, რომ არ ესმის, რატომ არ განიზრახა მთავრობამ მეტი ტესტირების ჩატარება.

სტატიის თანახმად, მეცნიერებმა, რომლებსაც მთავრობამ ანტისხეულების ტესტების შეფასება დაავალა, განაცხადეს, რომ სულ მცირე, ერთი თვე დასჭირდება ჯეროვანი ტესტების მწარმოებლის პოვნას და მილიონობით ადამიანისთვის მის შეთავაზებას.

„ოქსფორდის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სამეფო რანგის პროფესორმა, სერ ჯონ ბელმა შემდეგი რამ განაცხადა წერილობითი ფორმით: „სამწუხაროდ, დღემდე რაც ვნახეთ ყველა ტესტი უხარისხოა. ბევრი უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა (არადა დაავადებების გადატანის შემდეგ ჩაუტარდათ ადამიანებს. შესაბამისად, მათ იმუნიტეტი უკვე გამომუშავებული ჰქონდათ. არადა, ტესტებმა ანტისხეულები ვერ იპოვეს). ყალბი დადებითი პასუხებიც ვიხილეთ. დადასტურებული ტესტებიდან ვერც ერთი გაივლიდა სამედიცინო და სამკურნალო პროდუქციის მარეგულირებელი ორგანოს ხარისხის კონტროლს. ასეთი შედეგი არც მომწოდებლისთვის არის კარგი და არც ჩვენთვის“.

სერ ჯონ ბელი აღიარებს, რომ „ამიტომ არის ფართომასშტაბიანი ტესტირების სტრატეგია მნიშვნელოვანი მომდევნო თვეებში ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად“. ის ასევე წერს, რომ „მთავრობა ითანამშრომლებს ახალ და ძველ მომწოდებლებთან, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ და ბრიტანელი ხალხის ანტისხეულების ტესტირება მასშტაბური გავხადოთ. ამას მინიმუმ ერთი თვე მაინც დასჭირდება“.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელს, პროფესორ ნიუტონს გასულ კვირას დაევალა ტესტირების საკითხების ხელმძღვანელობა, რადგან ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთიუ ჰენოკმა მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა მიიღო და ამ საკითხის დელეგირება პროფესორზე მოხდა. პუბლიკაციის თანახმად, კრიტიკა იმან გამოიწვია, რომ მინისტრმა ვერ შეძლო ტესტების დროული შემოწმების უზრუნველყოფა, სანამ კერძო ლაბორატორიებს ჩართავდა პროცესში, რომლებსაც ხალხი ამ თვეშივე მიაწყდებოდა და დღეში 100 000 ტესტის ჩატარება მოხდებოდა.

პროფესორი ნიუტონი აცხადებს, რომ მის პრიორიტეტს სამი „მეგა ლაბორატორია“ წარმოადგენს და ჯანდაცვის ეროვნული სისტემის თანამშრომლების ტესტირება  ამ სამ ლაბორატორიაში მოხდება. მას ამ პროცესში არ აქვს საუნივერსიტეტო და კომერციული ლაბორატორიების საჭიროების მოლოდინი.

„ეს ძალიან მკაფიო გზავნილია. ჩვენ არ ვსაჭიროებთ ბევრი ადამიანის დახმარებას იმის მისაღწევად, რაც საჭიროა და ამან ჩვენ არ უნდა გაგვიფანტოს ყურადღება. დიდი თხოვნა გვაქვს კონკრეტული მიმართულებით [იგულისხმება ჯანდაცვის ეროვნული სისტემის თანამშრომლების ტესტირება]. ამდენად, ყველა ეს კომპანია, რომელიც თავის შესაძლებლობებს გვთავაზობს, შეიძლება, სულაც ვერ პასუხობდეს უშუალოდ ამ მოწოდებას და ამიტომ მათი დახმარება ამ ეტაპზე გამოსადეგი ვერ იქნება“, – ციტირებს „ტაიმსი“ ნიუტონს.

სტატიის ავტორები განმარტავენ, რომ ანტისხეულებზე ტესტი ცხადყოფს, ვინ გადაიტანა ვირუსი და ეს მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლების სამსახურში დასაშვებად – „თუ ისინი ვირუსის მატარებლები არ იქნებიან,  სამსახურში გამოცხადების უფლება ექნებათ; ცალკე ჩატარდება ტესტირება, რათა გავიგოთ, ვინ გამოჯანმრთელდა ინფექციიდან და ამის მიხედვით დავასრულოთ სახლებში ხალხის გამოკეტვა“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ანტისხეულებზე მილიონობით სატესტო მასალა შეუკვეთა, თუმცა ჰენკოკი აცხადებდა, რომ „მაინც არ გვაქვს გამოსაყენებლად ვარგისი სატესტო მასალა“.

პროფესორი ნიუტონი აცხადებს, რომ ვერც ერთმა სატესტო მასალამ გაიარა ხარისხის კონტროლი და „არც ერთი გამოდგება ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩასატარებლად“.

სტატიის თანახმად, ზოგიერთი სატესტო მასალა უვარგისი არც იყო, თუმცა პროფესორ ნიუტონის განცხადებით, „ჩინეთში შექმნილი სატესტო მასალები ისეთი პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც მწვავე დაავადება აქვთ გადატანილი ძალიან დიდი ვირუსული დატვირთვის შედეგად, რის გამოც ანტისხეულები მრავლად აქვთ ორგანიზმში. ჩვენ კი, ამ სატესტო მასალის გამოყენება გვსურს ინფიცირების სხვადასხვა დონეზე – მათ შორის იმ ხალხზე, ვინც მხოლოდ მსუბუქად იყო ინფიცირებული. ამდენად, ჩვენი ამოცანის მიზნებისთვის ისეთი სატესტო მასალა გვჭირდება, რომელიც ამათზე უკეთ იმუშავებს“.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მთავრობა კვლავ ცდილობს ჯეროვანი კომერციული სატესტო მასალის პოვნას, თუმცა უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ მასშტაბურ ტესტირებამდე თვეები აშორებს.

ადრე ოფიციოზი იმაზე საუბრობდა, რომ მილიონობით სატესტო მასალის სახლში გამოყენების შესაძლებლობა ხალხს რამდენიმე დღეში ექნებოდა, თუმცა პროფესორი ნიუტონი აცხადებს: „ამის უკან ის ლოგიკა იყო, რომ უკვე არსებულ სატესტო მასალებს თუ შევისყიდიდით, მოსახლეობისთვის მათი სახლებში გამოყენება რამდენიმე დღეში შესაძლებელი ნამდვილად იქნებოდა, თუმცა ეს საუკეთესო გამოსავალი არ იყო. გვირჩევნია, მათი გაუმჯობესება ვცადოთ მწარმოებლებთან თანამშრომლობის გზით“.

პროფესორი იქვე დასძენს, რომ „მათი შეფასების პროცესში ჩართული ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მწარმოებლებთან თანამშრომლობენ. ისინი მათ ეუბნებიან, რომ გამოყენების საფუძველზე დადგინდა, რომ ჯეროვნად ვერ მუშაობს ტესტი და ამიტომ სთავაზობენ საკუთარ ცოდნას სატესტო მასალის გასაუმჯობესებლად. ეს ამ ეტაპზე ცოტათი გაურკვეველია, მაგრამ არსებობენ კომერციული პარტნიორები, რომლებსაც ჩვენთან მუშაობა ძალუძთ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.

სტატიაში მოყვანილია ლედი დეირდრე ჰაინის კომენტარიც, რომელიც „ღორის გრიპის“ ოფიციალური მიმოხილვის საბჭოს თავმჯდომარეობდა. ის აცხადებს: „მიჭირს გავერკვე ანტიგენზე და ანტისხეულებზე ტესტირების დაწყების ასეთი გაჭიანურების მიზეზებში“.

ლედი დეირდრე ჰაინის ანგარიშში 2010 წელს ეწერა, რომ მინისტრებსა და ოფიციოზს „არარეალისტური მოლოდინი ჰქონდათ რეაგირების მოდელირებაზე, რომელიც ვერანაირად იქნებოდა სანდო ადრეულ ეტაპზე, როდესაც მონაცემების ნაკლებობას განვიცდიდით. მოდელირება ზედმიწევნით სწორი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც უკეთესი მონაცემები მოგვეპოვება“.

ასევე ის აცხადებს: „მიმაჩნია, რომ თუ ამ ეტაპზე რამე შეიძლება, გაუმჯობესდეს რეაგირების ზომებში, ეს უკეთესი ტესტირება იქნება“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მთავრობა სამხრეთ კორეელი მწარმოებლებისგან კვირაში 400 000 ტესტის შეძენის შესაძლებლობის დაკარგვის რისკის წინაშე დგას, რადგან მიიჩნევა, რომ ოფიციოზი ამ შეთავაზებაზე პასუხს ვერ სცემს. ათი დღის წინ ბრიტანელმა ბიზნესმენმა მიმართა ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებს, როდესაც ბრიტანეთში კონტაქტების მქონე კორეელმა ინვესტორმა ხუთი მწარმოებელი დაარწმუნა გაერთიანებული სამეფოსთვის დიაგნოსტიკური ტესტების მიყიდვის მართებულობაში.

სტივ უოტლი, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების ბიზნესს ფლობს, აცხადებს: „მხოლოდ წერილი გვჭირდება, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ სატესტო მასალის ვარგისიანობის შემთხვევაში გაერთიანებული სამეფო კვირაში რაღაც ოდენობის მასალებს შეიძენს რაღაც პერიოდის განმავლობაში.“

„არადა, რისკის ქვეშ მყოფ ექიმებს კვლავ ალოდინებენ.

ახალი კორონავირუსის სიმპტომების მქონე ექიმების ერთ მესამედზე ნაკლებს შეუძლია, ტესტირება ჩაიტარონ სამეფო სამედიცინო კოლეჯის კვლევის თანახმად (აცხადებს კეტ ლეი). კვლევით ასევე დგინდება, რომ ხუთიდან ერთს არ ჰქონდა წვდომა პერსონალური დაცვის საშუალებებზე, არადა, ეს საჭირო იყო ახალი კორონავირუსით დასნებოვნებული პაციენტების უსაფრთხო მკურნალობისთვის“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სამეფო სამედიცინო კოლეჯის პრეზიდენტი ენდრიუ გოდარდი კი აცხადებს, რომ 2513 რესპონდენტის კვლევის მიგნებები „ცალსახად მიგვითითებს იმაზე, რომ სულ უფრო რთულ სიტუაციაში უწევთ ეროვნული ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს მუშაობა“.

ასევე, მეთიუ ჰენოკი Sky News-ის ეთერში აცხადებდა, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის 8  პროცენტი  თვითიზოლაციაში იმყოფება და სამსახურში არ დადის. თუმცა, სტატიის თანახმად, სამეფო სამედიცინო კოლეჯის კვლევა ცხადყოფს, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია და რეალურად 14 პროცენტს შეადგენს.

„სახლში დარჩენილი სამედიცინო პერსონალიდან ბევრი რჩება იზოლაციაში, რადგან მათი ოჯახის წევრს სიმპტომები აღენიშნება. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ათიდან თითქმის ცხრა ექიმს შეიძლება, ვერ ჩაუტარდეს ტესტირება ახალ კორონავირუსზე, რადგან ამ სიტუაციაში იმყოფებიან.

პროფესორი გოდარდი ასევე დასძენს, რომ „ეროვნული ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებისთვის ტესტირების ჩატარების და მათი სამსახურში დაბრუნების მიმართ მთავრობის ამჟამინდელი სტრატეგია აშკარად არ ამართლებს“. ის მთავრობას საკუთარი  გეგმების, ვადების და მოსალოდნელი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია „ტაიმსის“ სტატიაში – „ბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი აქვს, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს“