ტაილანდის მღვიმეში ნაპოვნი მოზარდებისა და მათი მწვრთნელის  გამოყვანა შესაძლოა, რამდენიმე თვე ვერ მოხერხდეს 
ტაილანდის მღვიმეში ნაპოვნი მოზარდებისა და მათი მწვრთნელის  გამოყვანა შესაძლოა, რამდენიმე თვე ვერ მოხერხდეს 

ტაილანდში აღმოჩენილ მოზარდებსა და მათ საფეხბურთო მწვრთნელს მღვიმეში შესაძლოა,  რამდენიმე თვის გატარება მოუწიოთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ტაილანდის არმიის წარმომადგენლებზე დაყრნობით ავრცელებს.

დაკარგული ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდის სამძებრო სამუშაოები ცხრა დღეს გრძელდებოდა. 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი ბრიტანელმა მყვინთავებმა აღმოაჩინეს. ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელია, თუმცა ძალიან დასუსტებულია, რადგან  10 დღე სიბნელესა და სურსათის გარეშე გაატარეს. წყლის მომატებული დონის გამო საკვების მიწოდება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ამავე მიზეზით, ჯერჯერობით შეუძლებელია მათი გამოყვანა.

სპეციალისტები ამჟამად ბავშვების ელექტროენერგიით და კავშირის საშუალებებით უზრუნველყოფას ცდილობენ, რათა მათ მშობლებთან საუბარი შეძლონ.

დაკარგული მოზარდების ძებნის ოპერაციას მთელი მსოფლიოს მედია ადევნებდა თვალს. ყოველი დღის გასვლასთან ერთად მათი ცოცხლად პოვნის შანსები სულ უფრო მცირდებოდა. თუმცა ბრიტანელმა დაივერებმა 2 ივლისს დაკარგულების პოვნა შეძლეს.

11-დან 16 წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები 9 დღის შემდეგ გამოქვაბულის შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.

როგორც მაშველებმა დაადგინეს, ბავშვები გამოქვაბულის შიგნით მშრალ ადგილას გადაადგილდებოდნენ, თუმცა წყლის დონე სულ უფრო იზრდებოდა და მალე ვიწრო გვირაბები ტალახითა და ნაგვით ამოავსო. მყვინთავებს გადაადგილება თითქმის სრულ სიბნელეში უწევდათ.

გამოქვაბულის კომპლექსის რთული პირობების გამო, ბავშვების ევაკუაციის ოპერაცია დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული.

ტჰამ ლუანგის მღვიმე ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. წვიმების სეზონის დროს, რომელიც სექტემბრამდე ან ოქტომბრამდე გრძელდება, მღვიმე იტბორება. წვიმის სეზონი ტაილანდში ახალი დაწყებულია და ამიტომ მღვიმეში წყლის დონე კიდევ მოიმატებს.

როგორც BBC  წერს, შესაძლოა, გამოქვაბულიდან გამოსასვლელად, ბავშვებს ყვინთვის სწავლა მოუწიოთ, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გამოუცდელი მოზარდების წაყვანა ტალახითა და მღვრიე წყლის სავსე ვიწრო დერეფნებში, სარისკოა. გამოქვაბულიდან წყლის ამოტუმბვის მცდელობა კი ჯერჯერობით წარუმატებლად მიმდინარეობს. მღვიმეში წყლის დონის დაწევას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება, რისთვისაც საჭირო იქნება მოზარდებისა და მათი მწვრთნელისთვის სურსათის უწყვეტად მიწოდების უზრუნველყოფა.
ამჟამად სამაშველო ჯგუფები მღვიმეში სხვა შესაძლო შესასვლელს ეძებენ.