ტაილანდელ ბიჭებზე, რომლებმაც მღვიმეში 18 დღე გაატარეს, ორ მხატვრულ ფილმს გადაიღებენ
ტაილანდის ჩრდილოეთით, ტჰამ ლუანგის მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდის შესახებ ფილმს ამერიკული კინოსტუდია Pure Flix Studio გადაიღებს. ამის შესახებ თავად Pure Flix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სკოტმა განაცხადა. ჯერ უცნობია, ტაილანდელი ბიჭების ისტორიის ეკრანიზაცია სრულეტრაჟიანი მხატვრული ფილმი თუ ტელესერიალი იქნება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტაილანდელი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის შესახებ მხატვრულ ფილმს ადგილობრივი კინოსტუდიაც იღებს, რის ხარჯებსაც თავად ტაილანდის მთავრობა დაფარავს.
გასართობად და სავარჯიშოდ წასული 12 ტაილანდელი ბავშვი 23 ივნისის დილას ვერც წარმოიდგენდა, რომ მათ მიწისქვეშეთში 18 დღის გატარება მოუწევდათ. ბავშვების მღვიმეში ყოფნის დროს უხვმა ნალექმა მდინარის ადიდება და გამოქვაბულის წყლით ავსება გამოიწვია. ბავშვები მღვიმეში შესასვლელიდან 4 კილომეტრის მოშორებით 2 ივლისს იპოვეს.
მღვიმეში წყლის დონის მატების საშიშროებისა და ჟანგბადის რაოდენობის შემცირების გამო ტაილანდის მთავრობა გამოსავალს 6 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. სამაშველო ოპერაციაში ყოველდღიურად სულ უფრო მეტი მოხალისე ერთვებოდა. არსებობდა საფრთხე, რომ მოახლოებული წვიმების სეზონის გამო, რომელიც მღვიმეში წყლის დონის მატებას გამოიწვევდა, მოზარდები 4 თვის განმავლობაში დარჩენილიყვნენ. მათი გადარჩენის ოპერაცია 8 ივლისს დაიწყო, როგორც კი წყლის დონე გამოქვაბულში შემცირდა. პირველ დღეს მყვინთავებმა 6 ბიჭი გამოიყვანეს, მეორე დღეს კი დანარჩენები.
სამაშველო ოპერაციაში 90 მყვინთავი, მათგან 50 უცხოელი და 40 ტაილანდელი მონაწილეობდა.
მღვიმიდან ამოყვანილი ბიჭები და მათი მწვრთნელი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ორ დღეში გაწერენ.