სვანეთში თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სვანეთში თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა.
საბაგიროები ყოველდღე, 10:00-დან 16:00 საათამდე იმუშავებს. სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამაშველო სამსახური და „მოთხილამურე პატრული“ უზრუნველყოფს.
თეთნულდზე სულ 5 საბაგიროა, აქედან 4 სავარძლის ტიპისაა, ერთი კი – ბიგელი. კურორტზე 30 კმ-იანი 9 სათხილამურო გზა ფუნქციონირებს, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.
სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის კურორტი ერთდროულად 6 806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს, უშუალოდ სათხილამურო კომპლექსი კი 4 100 მოთხილამურეს მოემსახურება.
კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს, სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გაგრძელდება.